ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დავდეთ" - Tbilisi Marriott Hotel-ი 2023 წელს აჯამებს
18 იანვარი, 2024

„სასტუმრო Tbilisi Marriott-მა  2023 წელი საგრძნობი ზრდით დაასრულა და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“  სასტუმრო Tbilisi Marriott-ის მარკეტინგის მენეჯერმა  მარიამ ფხაკაძემ განაცხადა.

„2023 წელი Tbilisi Marriott-ისთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო.  ციფრებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დავდეთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ამჟამინდელ მაჩვენებლებს 2024 წელს გავაუმჯობესებთ.

ბუნებრივია, ცვლილებები იგეგმება. თავის დროზე პანდემიამ, შემდეგ უკვე რეგიონში არსებულმა პოლიტიკურმა კონფლიქტებმა, დიდი გავლენა იქონია ტურისტულ ნაკადებზე, თუმცა არ ვჩერდებით, აქტიურად ვმუშაობთ, გვაქვს ახალი გეგმები და პროექტები ახალი ბაზრების მოზიდვასთან დაკავშირებით.

ვიმედოვნებთ, რომ ძალიან საინტერესო წელი გვექნება და კიდევ უკეთესი, ვიდრე იყო გასული წელი. გარემო ფაქტორების ცვლილებებს მოაქვს ისეთი ტენდენციები, რასაც მანამდე შესაძლოა ნაკლებად ვუწევთ ანგარიშს, თუმცა მსგავსი ცვლილებები ზოგჯერ ახალი გზების დანახვის პერსპექტივასაც ბადებს. ასევე იყო პანდემიური პერიოდის გასვლის შემდგომ, როდესაც საზოგადოება იყო მოგზაურობას მოწყურებული და მალევე დაიწყო აქტიური მიმოსვლა, რაც შესაბამისად აისახა HORECA სექტორზე, “ - განაცხადა მარიამ ფხაკაძემ.

საუბრისას მან ასევე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სასტუმროებისთვის გარკვეულ გამოწვევად რჩება შუა აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა, თუმცა მარკეტინგის მენეჯერის 

განმარტებით, მიუხედავად ამისა,  სასტუმრომ შეძლო დროულად ადაპტირება და თარგეთირების სხვა ბაზრებისკენ მიმართვა, რის შემდეგაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას იმ  სტანდარტის შესაბამისად, რაც ბოლო დროინდელმა პროცესებმა წარმოშვეს.

რაც შეეხება სასტუმრო დამსვენებლების სეგმენტს, მომხმარებლების დიდ ნაწილს წარმოადგენს გალფის, შუა აღმოსავლეთის, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ასევე დიდია ინტერესი აშშ-დანაც.

,,მოგეხსენებათ Tbilisi Marriott – ი არის გამოჩეული სასტუმრო თავისი უნიკალური ისტორიით, არქიტექტურით, გამოცდილი და კომპეტენტური გუნდით, რაც გვაძლევს საშუალებას ბაზარზე თავის ამაყად წარმოჩენისათვის. სამივე სასტუმროს ჭრილში (Tbilisi Marriott, Courtyard by Marriott,Moxy) ვცდილობთ, ვიყოთ ძალიან პროაქტიულები და მაქსიმალურად პერსონალიზირებული სერვისი შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს, იქნება ეს შეთავაზება, თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა, ვცდილობთ მაქსიმალურად მობილიზებული დავხვდეთ.

რა თქმა უნდა გარკვეული გარემო ფაქტორების გამო იცვლება გამოწვევებიც, თუმცა დროული ადაპტაციის, მოქმედების და ტენდენციების დაკვირვების შედეგად ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტიანად ვუმკლავდებით აღნიშნულ ცვლილებებს," - აცხადებს მარიამ ფხაკაძე ,,ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, პრემიუმ კლასის  სასტუმრო Tbilisi Marriott-ი თბილისის მთავარ - რუსთაველის გამზირზეა  განთავსებული და  127 ნომერს მოიცავს.

Tbilisi Marriott-ი 2002 წელს გაიხსნა. შენობის რესტავრაცია და სასტუმროს გახსნა GMT ჯგუფმა განახორციელა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.