ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ერთი წლის თავზე რესტორნების დაახლოებით 15-20% აკმაყოფილებს HACCP-ის სტანდარტს - ასოციაცია
10 აგვისტო, 2022

ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში არსებულ ჰორეკა სექტორში მოქმედი ობიექტები, რომლებიც სურსათის გადამუშავებას და მიწოდებას ახორციელებენ, ვალდებული არიან, HACCP-ის სტანდარტი დანერგონ. 2021 წლის 1-ელი ივნისიდან, სტანდარტის დანერგვა სავალდებულო გახდა რესტორნებისთვისაც, თუმცა მათი დიდი ნაწილი რეგულაციებს დღემდე ვერ აკმაყოფილებს, რადგან არსებულ სტანდარტებში ისეთი პუნქტებია, რომელთა შესრულებაც, ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელია.

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რესტორნების უმრავლესობა აღნიშნულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რადგან სექტორი თავიდანვე მოუმზადებელი იყო და ერთი წლის თავზეც კი უჭირს ვალდებულებების შესრულება.

„ასოციაციაში არსებული 600-მდე რესტორნიდან დაახლოებით 15-20% აკმაყოფილებს HACCP-ის სტანდარტს. სურსათის უვნებლობა გაფრთხილების შემდეგ მათ დაჯარიმებას ახდენს. საჭიროა ისწავლონ სტანდარტების დაკმაყოფილება, მაგრამ ყველაფერი, რაც ფურცელზე არის დაწერილი, საქართველოში ვერასდროს შესრულდება, რადგან ისეთი დეტალებია, რომელიც რთული შესასრულებელია. პრობლემაა ასევე ინფრასტრუქტურა, რომელიც გამართული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში HACCP-ის სტანდარტებით არის დაკმაყოფილებული როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლის უფლებებიც. 10 წლის წინ რომ გაიხსნა რესტორანი, როცა ამ სტანდარტების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, დღეს მათი გათვალისწინება იმ სივრცეში და გარემოში, სადაც დღეს ოპერატორი მოქმედებს, თითქმის წარმოუდგენელია. მაგალითად, სავალდებულოა პირობითად, იყოს გასახდელი თანამშრომლებისთვის, მცირე რესტორნებისთვის, კაფე-ბარებისთვის, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ან ახალი მიშენება უნდა გააკეთოს ამ რესტორანმა, ან ტერიტორია უნდა გამოყოს რაღაცის ხარჯზე. ასევე, არის ტრაპის ვალდებულება სამზარეულოში, რომელიც აქამდე არ იყო გაკეთებული.

თუმცა ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სურსათის უვნებლობის საკითხების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს, მაგრამ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სადაც შეუძლებელია გამოსწორება, მაგრამ შესაძლებელია ოპერატორმა იფუნქციონიროს ისე, რომ ვინმეს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, სახელმწიფო დათმობაზე უნდა წამოვიდეს. გასათვალისწინებელია რომ ქართული რეალობა და ქართული სუფრა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან. ვიმედოვნებთ გაითვალისწინებენ ბიზნესის რჩევებს და სტანდარტების გადახედვა მოხდება“, — აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

პანდემიურ პერიოდის გამო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნესს 2022 წლის იანვრამდე საშეღავათო პერიოდი მისცა. თუმცა, ახალ რეგულაციების დაკმაყოფილება ობიექტების დიდ ნაწილისთვის ისევ გამოწვევაა. ბოლო მონაცემებით Haccp-ის სისტემის არქონის გამო 100-ზე მეტი ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთია, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში. პერიოდულად კი ემატებოდა და მოიცვა ყველა საკვების მწარმოებელი და რეალიზაციის სექტორი.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.