ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ეს არის დიდი შავი ბაზარი - ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება“ - ტუროპერატორი
18 მარტი, 2024

„შავი ბაზარია, აბა რა არის, როდესაც ადამიანი იღებს სტუმრებს, ემსახურება და ყველანაირი ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება, ბიუჯეტში კი არაფერს იხდის“,- ამის შესახებ ტურისტული კომპანიის „კლარკ & რობინსონს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მდგომარეობით, მიმღებ ტუროპერატორთა რაოდენობა, ფაქტობრივად უთვალავია, მათი საქმიანობა კი უკონტროლო.

„მიმღები ტუროპერატორი იმდენია საქართველოში, უთვალავი. ვისაც არ ეზარება, ყველა ტურისტულს ხსნის. დღევანდელი კანონმდებლობით, არანაირი შეზღუდვა არ აქვთ.

შავი ბაზარია, აბა რა არის, როდესაც ადამიანი იღებს სტუმრებს, ემსახურება და ყველანაირი ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება, ბიუჯეტში კი არაფერს იხდის. ამ დროს, როცა ჩემი კომპანია ყოველ წელს საკმაოდ დიდ თანხებს რიცხავს ბიუჯეტში. ბუნებრივია, მე და ის ვერ ვიქნებით ერთნაირ პოზიციაში, ხომ?! ბევრად უფრო მარტივია მათთვის მუშაობა, როდესაც არაფერს იხდიან.

კანონი ბევრ რამეს გვავალდებულებს და ზოგადად, ყველა საკითხში რეგულაციები რომ სრულდებოდეს, ვიქნებოდით შვეიცარია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის დიდი შავი ბაზარი და უკონტროლო. თუ რამე ნეგატიური ფაქტი მოხდა და უჩივლეს, მერე კი გახდება ცნობილი. კიდევ კარგი, ცუდი შემთხვევები მაინც არ ხდება.

კი ბატონო, როგორც მე ვიცი, ახალ კანონში ბევრი რაღაც ჩაიწერა, მაგრამ შემომყვან ტურიზმზე, ჯერჯერობით, არანაირი შეზღუდვები არ არის. მაშინ როდესაც გამყვან ტურიზმს ძალიან ბევრ ვალდებულებას ჰკიდებენ. ისეთ რამეზე ვართ პასუხისმგებელი, რაც პირდაპირ გეტყვით, ჩვენი საქმე საერთოდაც არ არის. მაგალითად, რეისი რომ გაუქმდეს და ადამიანი ჩარჩეს სადღაც, ჩვენ გვავალდებულებენ, რომ ჩამოვიყვანოთ, თუ ჩვენთან არის ბილეთი ნაყიდი. ამ დროს, ჩვენ რა შუაში ვართ, როცა ავიაკომპანიამ გააუქმა რეისი?!“,- აღნიშნავს მამუკა კელაურაძე.

მისი თქმით, ახალ კანონპროექტში ბევრი საკითხია შესული, თუმცა, შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, არსებითად არაფერი იცვლება.

„ახლა იღებენ უზარმაზარ კანონს, რაღაცები თითქოს კარგია, მაგრამ ვფიქრობ, სხვა ქვეყნის მაგალითის პირდაპირ გადმოტანა მოხდა, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. დატოვეს „უცხოელების შემოსევა“. ვერცერთ ქვეყანაში ვერ ჩახვალთ და ვერ ჩაატარებთ ტურს, გიდის ფუნქციას ვერ შეასრულებთ, თუ არ გაქვს იმ ქვეყნის მოქალაქეობა, სერთიფიკატი და ა.შ. ჩვენთან ყველას შეუძლია ტურისტული კომპანიის გახსნა. თურქეთში ყველაზე კარგად არის ეს საქმე აწყობილი, იქ მთლიანად თურქეთის მოქალაქეების ხელშია ეს მიმართულება, მათ გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ყველა ქვეყანა იცავს თავის მოქალაქეებს. ჩვენი, თავის დროზე ბიზნესის კეთების მარტივ გზას დაადგა და იმის მერე რეალობა შეიცვალა, მაგრამ პრინციპი და მიდგომა იგივე დარჩა“,- ამბობს მამუკა კელაურაძე.

წყარო: bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.