ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განვიხილავთ – გიორგი აბაშიშვილი
ესპანეთის ქალაქ ბილაფრანკაში ფილმის “საქართველოს ღვინის სამშობლოა” ჩვენება გაიმართა. ფილმის დაწყებამდე, ბილაფრანკას მერიის წარმომადგენლების გარდა, დამსწრე საზოგადოებას ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჭკუასელმა და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა გიორგი აბაშიშვილმა მიმართეს. ფილმის დასრულების შემდგომ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციამ წარმოადგინა “ეთნო ოკამის” სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომელთაც დიდი მოწონება დაიმსახურეს. 8 ნოემბერს გაიმართება “ეთნო ოკამის” ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც გაუძღვება სომელიე რაიმონ სალა.
“ასეთი რანგის ფესტივალზე მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა წარმოაჩინო შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის რესურსები. ენოტურიზმის ასოციაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ამჯერად ეს პარტნიორობა ფესტივალში მონაწილეობითაც გამოიხატა. “ეთნო ოკამის” ღვინოებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რამოდენიმე საინტერესო შეხვედრა სადაც სამომავლო თანამშრომლობის და ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს განვიხილავთ. ფესტივალის პირველივე დღეს დავრწმუნდით, რომ დაინტერესება დიდია”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.