ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეთნოსოფელი „სისა ტურა“: ჯერჯერობით ძირითადად ისევ ადგილობრივ ვიზიტორებზე ვმუშაობთ
07 ივნისი, 2021

სამეგრელოში, კერძოდ, სოფელ ჩხორიაში მდებარე ეთნოსოფელ „სისა ტურაში“ მისულ სტუმარს ივლისის დასაწყისიდან საოჯახო რესტორნით სარგებლობაც შეეძლება, როგორც ეთნოსოფლის დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ bm.ge-ს უთხრა, რესტორანთან ერთად ეთნოსოფელს ღონისძიებებისა და ტრენინგების მოსაწყობი სივრცეც დაემატა, რომელიც „სისა ტურას“ სტილშია და ავთენტურობას ინარჩუნებს.

„ჩვენი პატარა საოჯახო რესტორანი საშუალებას მოგვცემს სტუმრებს წინასწარი შეკვეთის გარეშეც გავუმასპინძლდეთ, ამის საშუალება აქამდე არ გვქონდა, რადგან კერძებს მცირე ტერიტორიაზე მხოლოდ წინასწარი შეკვეთით ვამზადებდით, ორგანიზაციამ „აწარმოე საქართველოში“ სამზარეულოს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა დაგვიფინანსა, მცირედი გაფართოება მეტი ადგილობრივის დასაქმების საშუალებასაც მოგვცემს“ - ამბობს „სისა ტურას“ დამფუძნებელი.

მარიკა თოდუა ტურისტულ სეზონსაც აფასებს და დასძენს, რომ ჯერჯერობით სტუმრებს შორის ქართველი დამსვენებლები ჭარბობენ.

„ჩვენთვის ეს ცალკე სეგმენტია, ისინი მოდიან, ათვალიერებენ, ისვენებენ და მიდიან, ხოლო უცხოელი დამსვენებლები, რომლებზეც ჩვენი ბიზნესი დგას, სრული პაკეტით სარგებლობენ, მოხარული ვარ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ჩამოსულ ამერიკელ და ევროპელ ინფლუენსერებს 3 ივნისს „სისა ტურამაც“ უმასპინძლა“ - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის: ეთნოსახლი „სისა ტურა“ 2019 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს და სტუმრებს სრულ სტუმარ-მასპინძლობის პაკეტს სთავაზობს, რომელშიც ეთნოსოფელში ექსკურსია, კულინარიული მასტერკლასი, ფოლკლორული ცოცხალი მუსიკა და ვახშამი შედის, ამ ეტაპზე კომპლექსი 4-5 ადამიანს ასაქმებს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.