დღეს, კომპანია “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა და “ევრონიუსის” CEO-მ მაიკლ პეტერსმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოში Euronews-ის ქართული სამსახური დაფუძნდება.

გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ეს იქნება სრულიად დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის საინფორმაციო ხიდის ფუნქციას შეასრულებს.
“სილქნეტს ჰქონდა სტრატეგიაში მეტი ქართული კონტენტის შექმნა და აქ გადაიკვეთა ბიზნესის კუთხით ჩვენი შეხება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მედია, საინფორმაციო ხიდი, ევროპასა და საქართველოს შორის.
ჩვენ ვიყიდეთ ფრენჩაიზინგი – “ევრონიუს ჯორჯია”. მათ მიერ მოხდება აყვანა და რეკრუტირება ყველა ჟურნალისტის. დირექტორი იქნება დანიშნული და ხელფასი გადაეხდება “ევრონიუსის” მიერ, რაც ნიშნავს, რომ არანაირი გავლენა არ ექნება “სილქნეტს” ამ პროცესში. ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ, ჩვენ შეგვიძლია მივეხმაროთ. მნიშვნელოვანია ის, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ეკუთვნის NBC News-ს, რომელიც არის უდიდესი ამერიკული კომპანია, ასევე 0% გავლენა გვექნება ჩვენ სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც ძალიან მიხარია პირადად მე.
დაფარვა იქნება მთელ ქვეყანაზე, ასევე ჩვენთან ნაწარმოები კონტენტი და აქ შექმნილი ნიუსები და ინფორმაცია მიეწოდება მათ და ისინი გაავრცელებენ უკვე მთელს მსოფლიოში,” – ამბობს გიორგი რამიშვილი.
“სილკ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ახალი სამსახურისთვის უკვე განსაზღვრულია ბიუჯეტი, მათ შორის თამანშრომელთა დაკომპლექტების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ფრენჩაიზინგის საფასურიც, რომელსაც აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს.
ახალი არხი მაუწყებლობას დაახლოებით, 2020-ის არჩევნების წინ დაიწყებს.
“სექტემბრის ბოლოს ვიწყებთ აქტიურად მუშაობას და კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე ჩვენ უნდა გავიდეთ ეთერში. აქ არის აპარატურა, აქ არის ხელფასები, გათვალისწინებულია საკმაოდ სოლიდური თანხა მომზადებასა და ტრეინინგში,” – ამბობს რამიშვილი.
Commersant.ge