ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი 2024 წელს „ჭკვიანი“ ტურიზმის დედაქალაქად დასახელდა, ხოლო იტალიის ქალაქი გროსეტო ევროპის „მწვანე“ ტურიზმის პიონერად.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათი მიღწევების საფუძველზე ხელმისაწვდომობის, მდგრადობის, ასევე დიგიტალიზაციისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში, იუწყება SchengenVisaInfo.
დუბლინი და გროსეტო 40 მიმართულებას შორის შეირჩა, რომელიც 21 ქვეყანას აერთიანებდა.
პრიზის სახით, გამარჯვებული ქალაქები ევროკომისიისგან მიიღებენ სარეკლამო მხარდაჭერას და დახმარებას სუვენირების წარმოებაში.
რა არის „ჭკვიანი“ ტურიზმი
Smart Tourism მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორი უფრო ინოვაციური გახადოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ის ასევე მიზნად ისახავს ტურისტებს მიაწოდოს უფრო ეფექტური, პერსონალიზებული და სასიამოვნო გამოცდილება.
„ჭკვიანი“ ტურისტული დედაქალაქები ევროკავშირში 2019 წლიდან ირჩევა. მანამდე ესენი იყვნენ ჰელსინკი (ფინეთი), ლიონი (საფრანგეთი), მალაგა (ესპანეთი), გოტენბურგი (შვედეთი), ბორდო (საფრანგეთი), ვალენსია (ესპანეთი), პაფოსი (კვიპროსი) და სევილია (ესპანეთი).
avianews.ge