ევროპაში სიგრძითა და სიმაღლით მეორე ადგილზე მყოფ ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ხულოს საბაგიროს, რომელიც თავისი სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
როგორც აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას ხულოს მერი გოჩა მელაძე ამბობს, საბაგირო ახალ იერ-სახეს შეიძენს და იქ შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მოწყობაც, რათა მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის.
მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს, კეთილმოწყობა გაზაფხულიდან დაიწყება.
მუნიციპალიტეტმა საბაგიროს რეაბილიტაციისთვის 350 000 ლარი გამოყო, შესაბამისი ტენდერი მარტისთვის გამოცხადდება.
როგორც აჭარის ტელევიზია აღნიშნავს, ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებია. საბაგირომ გასულ წელს 10 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ხულოს საბაგიროთი უკავშირდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, დაბა ხულო-თაგოს საბაგირო გზას 8 წუთში ავყავართ სოფელ თაგოში, სოფლამდე მისასვლელი 6 კმ-იანი გზა ძლიერ დაზიანებულია და ამ საბაგიროს სოფლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საბაგირო სიგრძეში 1700 მეტრია, სიმაღლეში - 350 მ. ამ საბაგიროთი მგზავრობა არის საინტერესო თავგადასავალი, დახუნძლულია შთაბეჭდილებებითა და ულამაზესი ხედებით.
bpi.ge