ევროპელი მგზავრი უპირატესობას ანიჭებს მისთვის კარგად ნაცნობ ავიაკომპანიას – დეა მაჭავარიანი
ევროპელი მგზავრი უპირატესობას ანიჭებს მისთვის კარგად ნაცნობ ავიაკომპანიას, – აცხადებს ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების და მარკეტინგის დირექტორი დეა მაჭავარიანი. მისი თქმით, მხოლოდ აეროპორტების ძალისხმევა არ არის საკმარისი. „ტურისტი არ ირჩევს მიმართულებას აეროპორტის გამო. ის ირჩევს ლოკაციას, შემდეგ ავიაკომპანიას და ბოლოს აეროპორტს. ავიაკომპანიების მხრივ საქართველოში საკმაოდ დიდი პროგრესია. ბაზირებულია Wizz Air, რომელიც ევროპის ყველაზე პოპულარული და სანდო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა. დაფრინავს Air France, Aegean Airlines, Lufthansa, შემოვიდნენ Eurowings და Condor. ოპერირებას იწყებს Austrian Airlines. ეს ძალიან დადებითი ტენდენციაა. ევროპელი მგზავრი უპირატესობას ანიჭებს მისთვის კარგად ნაცნობ ავიაკომპანიას“, – მიიჩნევს დეა მაჭავარიანი.
მისივე განმარტებით, საქართველო სამგზავრო გადაზიდვების კუთხით არის საკმაოდ რთული.
„არის ევროპიდან შორს, 3-5 საათის ფრენის რადიუსში, და ჯერ კიდევ არ არის ევროპელი ტურისტების bucket list-ში. ევროპულ ავიაკომპანიებს ჯერ კიდევ ურჩევნიათ ახლო მანძილებზე გარანტირებული მგზავრთნაკადით ფრენა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ევროპულ ავიაბაზარზე საქართველოს ადგილის დამკვიდრებისთვის“, – ამბობს ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების და მარკეტინგის დირექტორი დეა მაჭავარიანი, რომელიც ადრე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
avianews.ge