ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაცია მესამე ქართულმა ავიაკომპანიამ მოიპოვა
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა მესამე ქართულ სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-ს მიანიჭა. ნებართვა EASA -მ არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO) გასცა.
ავიაგადამზიდველს უფლება ენიჭება ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.
ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე.
GEO SKY-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. ოპერატორის ფლოტი ამჟამად ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება. ავიაკომპანია ბაქოს აეროპორტში ბაზირებს და სატვირთო გადაზიდვებს ემირატებისა და ავღანეთის (აშშ-ს სამშვიდობო მისიის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა) მიმართულებით ასრულებს.
GEO SKY ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში იმედოვნებენ, რომ EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს GEO SKY-ს ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას.
GEO SKY რიგით მესამე ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის მფლობელი გახდა. 2016 წელს EASA-ს ავტორიზაცია ავიაკომპანიებმა Georgian Airways-მა და TCA-მ მოიპოვეს. 2016 წლიდან, EASA-ს ავტორიზებული ნებართვის ქონა სავალდებულოა ნებისმიერი არა-ევროკავშირის ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს აღნიშნული გაერთიანების ტერიტორიაზე.
www.travelingeorgia.ge