ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფაცხა, ჯარგვალი და საჯალაბო სახლი
14 ივნისი, 2022

ფაცხა, ჯარგვალი და საჯალაბო სახლი არქეოლოგიური მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი პალეოლითის ძველი ქვის ხანიდან დასტურდება. უძველეს დროში ადამიანები თავიანთ სხდომებს ძირითადად გამოქვაბულებსა და მღვიმეებში ე.წ ეხებში იწყობდნენ, ამ გზით მტაცებელი ცხოველებისგანაც იცავდნენ თავს და სიცივისგანაც. ძველი ქვის ხანის გამოქვაბულები საქართველოში არაერთ ადგილასაა აღმოჩენილი საკაჟიაში, ხარაგაულში- დევის ხვრელი, საგვარჯილეს გამოქვაბული და სხვა.

შემდეგ, ადამიანები იწყებენ ხის ტოტებისგან მოწნული და ტყავგადაფარებული სახლების გაკეთებას და გადადიან ბინადრულ ცხოვრებაზე. ხის ტოტებისაგან შექმნილი საცხოვრისები წმინდა ადგილად იქცა. ოჯახის უფროსს საცხოვრისის მიწატკეპნილი იატაკის ქვემოთ მარხავდნენ... უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში, სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი სახლები ყალიბდება. დასავლეთ საქართველოში ძირითადად გავრცელებული იყო ხის საცხოვრისები, რომელმაც თავის განვითარების ეტაპები გაიარა. საცხოვრებელი სახლები, ბუნებრივ-კლიმატური პირობების, ხელმისაწვდომი სამშენებლო მასალის, მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის, ტექნიკის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით იქმნებოდა და ყალიბდებოდა...

კუს ტბის მახლობლად გამართულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასავლეთის სახლების ისტორიაც ცოცხლობს, ცნობილი ეთნოლოგის მონათხრობის მოსმენა კი, ერთიორად გიმაღლებს განწყობას და შენც ჩვენი ქვეყნის ერთი დიდი ისტორიის ნაწილი ხდები. Mმეც ასე ვიმოგზაურე ორიოდე წლის წინ, ღია ცის ქვეშ გამართულ მუზეუმში, ეთნოლოგ ნოდარ შოშიტაშვილთან ერთად და სულგანაბული ვისმენდი დასავლეთის უძველესი საცხოვრისების ფილოსოფიას...

საქართველოში საცხოვრისის მშენებლობას უძველესი ტრადიცია აქვს. არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ გვიან პალეოლითში, ძველი ქვის ხანაში, დასავლეთ საქართველოში მიკვლეულია წრიული ფორმის ნაგებობის ბოძებისთვის განკუთვნილი ღრმულები. სავარაუდოდ ნაგებობა მოწნული უნდა ყოფილიყო. მსგავსი _ ფაცხის ტიპის უმარტივესი საცხოვრებელი ნაგებობები, მთელი კოლხეთის დაბლობზე იყო გავრცელებული. სამეგრელო-აფხაზეთში ფაცხა ბოლო დრომდე შემორჩა როგორც სამეურნეო სათავსი.

ძველად ასევე არსებობდა საქორწილო ფაცხა, რომელშიც დროებით, თაფლობისთვეს ატარებდნენ ახალდაქორწინებულნი. ფაცხის, წნული სახლის აშენება სირთულეს არ წარმოადგენდა. თავდაპირველად შეარჩევდნენ სამოსახლო ადგილს. რამდენიმე ადგილას მარგილებს ჩაასობდნენ და გარშემო წნელით შემოღობავდნენ. კედლები შქერის წნულისგან ჰქონდა მჭიდროს მოწნული მოღობილი.

ფაცხის ტიპის საცხოვრებელი სახლები ორი სახის არსებობდა: კუნჭულა და ამხარა  მრგვალი, წრიული მოხაზულობისა და სწორკუთხოვანი. კუნჭულა ფაცხას ჰქონდა მრგვალი და წოპიანი სახურავი, ამხარას კი უფრო დაბალი სახურავი ჰქონდა. ფაცხა ისლით, ჩალით ან გვიმრით იყო გადახურული. სახურავი შუაცეცხლიდან ასული კვამლით იჟღინთებოდა და წყალს აღარ ატარებდა. შიგნით და გარედან კედლებს თიხა-ტალახით გალესავდნენ და მთელი დიდი ოჯახი ამ ტიპის საცხოვრისში ცხოვრობდა.

ფაცხას საძირკველი არ აქვს... ჯარგვალი ჯარგვალი მეგრული სიტყვაა, ჯა ხეს ნიშნავს, ხოლო „რგვალი“ მრგვალს : ჯარგვალი არის მთლიანი, ან გაპობილი მორებისგან აგებული ნაგებობა ოთხკუთხედად, გვირგვინად შეკრული ძელების ან მორების ერთმანეთზე წყობით ამოყვანილი. საქართველოს ტერიტორიაზე ამ ტიპის ნაგებობები მესამე ათასწლეულიდან დასტურდება. საცხოვრისის გარდა, ჯარგვალურად აშენებდნენ ხულას, ბეღელს, საქონლის სადგომს. ჯარგვალი ორი სახის არსებობდა: ძირთული ჯარგვალი და შემდგომში ზედშედგმული ჯარგვალი ორსართულიანი ძელური ნაგებობა. პირველ სართული გამოყენებული იყო სამეურნეო დანიშნულებით, მეორე საცხოვრებლად.

ფაცხის შემდგომ ჩნდება, ნაჯახით გამოთლილი ხის მთლიანი ან გაპობილი მორებისგან აგებული ძელური სახლები, ანუ ჯარგვლის ტიპის საცხოვრისი. შეიძლება ადამიანს ფაცხა არ ჰქონოდა და პირდაპირ ჯარგვალი დაედგა. ბარის რაიონებში, საშენ მასალად იყენებდნენ მუხას ან წაბლს. იშვიათ შემთხვევაში გამოიყენებოდა დასამუშავებლად უფრო იოლი თელა და ცაცხვი, თუმცა საუკეთესო ვარიანტი მუხისგან აშენებული ჯარგვალი გახლდათ, რადგან მყარია და გამძლეობით გამოირჩევა. მთიან რაიონებში მუხას და წაბლს ენაცვლება წიწვოვანი ხეებისგან ფიჭვისა და ნაძვისგან გამოთლილი მორები. სამასალე ხეს, ჭია რომ არ გასჩენოდა, აუცილებლად სავსე მთვარისას უნდა მოეჭრათ. სამოსახლო ადგილის შერჩევისას, პირველ რიგში ითვალისწინებდნენ, რომ სახლი მზიან ადგილას დაედგათ. ჯარგვლის ტიპის სახლის აგებისასა არ იყენებდნენ ლურსმანს.

მას ჰქონდა თიხატკეპნილი მიწურის იატაკი და უმეტესწილად ისლით, ან გვიმრით იყო გადახურული. მთიან ზონებში შემოდის ყავრით დახურული სახლებიც. საჯალაბო სახლი პიტაფიცარა ჯარგვლის შემდეგ იწყება საჯალაბო სახლის მშენებლობა. ამგვარი ტიპის საცხოვრისს მეცნიერები პიტაფიცარას და გოდორასახლსაც უწოდებენ. საჯალაბო სახლს თავიდან ქართული ნაჯახით გათლილი მუხის ან წაბლის მოკლე და განიერი, ერთმანეთზე მწყობრად მიწყობილი ფიცრებისგან აგებდნენ. შემდგომ დაიწყეს საზედაო ხერხის გამოყენება მორს დაზგა-ხარაჩოზე დადებდნენ, ერთი კაცი მიწაზე იდგა, მეორე ხარაჩოზე, კანაფს გაავლებდნენ, სწორად რომ გაეხერხათ და ამუშავებდნენ ფიცარს.

არც ჯარგვლის და არც საჯალაბო სახლის აგებისას არ იყენებდნენ ლურსმანს. საჯალაბო სახლი კონსტრუქციულად დიდად არ არ განსხვავდება ჯარგვალს ტიპის სახლისგან, მხოლოდ აივანი წინკარი აქვს დამატებული. საჯალაბო სახლებში, ბევრგან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე ცხოვრობდნენ. შემდგომში ძირითადად კარ-მიდამოს შემადგენელი ნაწილი გახდა და ფუნქცია შეეცვალა სამზად სახლად გადაიქცა.

ჯარგვალი და საჯალაბო სახლები ძალზედ პრიმიტიულად იყო კეთილმოწყობილი...  ამ ტიპის საცხოვრისებისთვის დამახასიათებელია ერთი მთლიანი სივრცე. უმეტეს შემთხვევაში არ ჰონდა სარკმელი, ნათდებოდა ღია კარიდან და სახურავიდან.. ჯარგვალს და საჯალაბო სახლებს ჰქონდათ მიწური, თიხატკეპნილი იატაკი სოხანე.

საცხოვრისის ერთი მხარეს, მთელ სიგრძეზე, გამართული ჰქონდათ ხის ფიცრებისგან გაკეთებული გრძივი ტახტი, სადაც მთელი ოჯახი ისვენებდა. ჯარგვლის ტიპის სახლებში, უმეტესწილად დიდი ოჯახები ცხოვრობდა მშობლები და რამდენიმე ძმის ოჯახი. საჯალაბო სახლებში უფრო ერთი ჯალაბის, ერთი დიდი, ან პატარა ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენდა... საპირისპირო მხარეს, ხისგან გაკეთებულ თაროებზე განლაგებული იყო დგამ-ჭურჭელი. ძირითადად თიხის და ხისგან დამზადებულ ჭურჭელს იყენებდნენ. ლითონის ჭურჭელი უფრო იშვიათი იყო და ძირითადად ქალაქებში იყო გავრცელებული.

ერთ-ერთ კედელში წალო საგებელის შესანახი განჯინა, კედელში დატანებული კარადა და თახჩა კედელში დატანებული სათავსი, ჰქონდათ მოწყობილი. თახჩაში ძირითადად სურსათს და ჭურჭელს ინახავდნენ. შუაგულში გამართული კერა სახლის შუაგულში, ცენტრალურ ადგილას გამართული იყო შუაცეცხლი _ კერა, რომელთანაც იდო ქვა, ტაბლა პატარა მაგიდა და სამფეხა პატარა სკამი ჭრაქისთვის. კერის თავზე დაკიდებულ ნაჭაზე კი ქვაბი ჰქონდათ დაკიდებული. სახლში გამიჯნული იყო მამაკაცებისა და ქალების სამყოფელი. მარცხენა მხარე მამაკაცებს ეკუთვნოდათ, მარჯვენა

ქალებს. ტაბაკი იდგმებოდა მამაკაცების მხარეს. სუფრას ასაკის მიხედვით შემოუსხდებოდნენ. დასაჯდომად ძირითადად ხის დაბალი კუნძები და ჯორკოები ჰქონდათ. არსებობდა საუფროსო სკამიც. მას ოჯახის უფროსი ზოგჯერ სტუმარს უთმობდა. ჯერ მამაკაცების დაპურდებოდნენ, შემდეგ ქალები და ბოლოს ბავშვები...

ძველ საცხოვრისებში განსაკუთრებული ფუნქცია და მნიშვნელობა კერას ჰქონდა. კერა ოჯახის სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოს წარმოადგენდა... როგორც ჩანს, მშობლიურ სახლსაც ამის გავლენით უწოდეს კერა... ჩემი მეგზური მიამბობს, კერა უძველესი დროიდან საკრალურ ადგილად ითვლებოდა. ჯერ კიდევ უძველესი ხანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია თიხის კერები. შემდეგ, თანდათან ფეხს იკიდებს მკვიდრდება ქვისგან და აგურისგან გაკეთებული კერები. კერაში ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. ამას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა კერის ჩაქრობა, ავისმომასწავებელი იყო ოჯახისთვის. მეორეს მხრივ, ცეცხლის ანთება ჭირდა. თუ ადამიანს ცეცხლი ჩაუქრებოდა, მეზობლისგან უნდა მოეტანა ნაღვერდალი და გაეჩაღებინა შუაცეცხლი.

კერას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ და მისი შეურაცხყოფა ცეცხლის მიზანმიმართულად ჩაქრობა, წყლის მისხმა, ნაგვის ჩაყრა დანაშაულად ითვლებოდა. ამგვარი ქმედების მოქმედთ, ტრადიციული სამართლითაც განსჯიდნენ. კერის ახლოს იკრძალებოდა ბილწსიტყვაობა. ორშაბათობით და ახალ წელიწადს, კერის ცეცხლს არ გასცემდნენ. რადგან თვლიდნენ, რომ ოჯახის ბარაქაც გაჰყვებოდა.

კერასთან სრულდებოდა სხვადასხვა რიტუალებიც. ოჯახის უფროსი კერასთან აღავლენდა ფუძის ლოცვას, აქ აცხობდა დიასახლისი საწესო, სარიტუალო კვერებს, აქვე ნაკვერჩხლებზე აკმევდნენ საკმეველს, ახალ წელიწადს მეკვლე პირველად კერის ცეცხლს მიულოცავდა, გააჩაღებდა ცეცხლს საგანგებოდ მომზადებული ფიჩხით და შემდეგ შეიკრიბებოდნენ მის გარშემო. კერაზე ძირითადად მზადდებოდა საკვები. კერას და ნაჭას დიდი ადგილი ეჭირა საქორწინო რიტუალში: ოჯახში პირველად შემოსულ პატარძალს სამჯერ შემოატარებდნენ კერას. მას ხელი უნდა შეევლო საკიდლისთვის და ამით უკვე ოჯახის წევრიც ხდებოდა. ასევე მიიჩნეოდა, რომ გარდაცვლილ წინაპართა სულები კერასთან იყრიდნენ თავს... კერას ასევე დიდი ადგილი ეკავა ჩვეულებით სამართალში. მკვლელის მოკლულის ოჯახთან საბოლოო შერიგების ნიშანი იყო დამნაშავის შევება ოჯახში, მოკლულის დედის მკერდზე მთხვევა, ამგვარი რიტუალის შემდეგ, მონანიე მკვლელი ამ ოჯახის წევრადაც მიიჩნეოდა.

ავტორი: შორენა მერკვილაძე

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.