დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ფასანაურში მდებარე ფოსტას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ფასანაურის ფოსტა 1840 წელს არის აგებული.
შენობის აგების აუცილებლობა მოიტანა რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზის გაყვანამ. როგორც წესი ამ პერიოდის საფოსტო ადგილები ითავსებდნენ როგორც ინფორმაციის გადამტან, ისე სატრანსპორტო საშუალებების გამოცვლის ფუნქციას. ფასანაურის შენობა კი ერთადერთი ასეთი საფოსტო ადგილი იყო თბილისი-სტეფანწმინდის გზაზე. ამიტომ ამ შენობაში არაერთი ცნობილი ქართველი და უცხოელი გაჩერებულა, საქართველო-რუსეთის გზაზე გავლის დროს (ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი და სხვ.).
შენობა ორი ნაწილისგან შედგება: ჩრდილოეთის ნაწილი ორსართულიანია, სამხრეთის ერთ სართულიანი.
ჩრდილოეთის ნაწილი დასავლეთიდან აღმოსავლეთით წაგრძელებული სწორკუთხედია. მასში შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. პირველი სართულის სარკმლის ღიობები სწორკუთხაა და თავისი მოჩარჩოება აქვს. მეორე სართულის ფანჯრის ჭრილი კი თაღოვანია. ნაგებობას აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს ხუთწახნაგა შვერილი რომლის შუა სამ წახნაგში სწორკუთხა სარკმლებია გაკეთებული. ორსართულიანი შენობის სამხრეთით მთელ სიგრძეზე გრძელდება ერთსართულიანი ნაწილი, იგი დიდი დარბაზის, პატარა ოთახის და მათ შორის მოქცეული აივნისგან შედგება.
აივანი სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხი კვადრატული ბოძითაა გახსნილი. აივანზე ორსაფეხურიანი კიბითაა ასასვლელი, აივნიდან კი ოთახებშია მოხვედრა შესაძლებელი. ფოსტის დასავლეთი კედლის პირველი სართული პილასტრებითა და საფეხუროვანი კაპიტელებითაა გაფორმებული, რომლებიც იმეორებენ აივნის ბოძებისა და კაპიტელების ფორმას. შენობა გადახურულია თუნუქით.
www.travelingeorgia.ge