ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფერად ბორცვებში ჩაფლული მრავალწყაროს ტბა და სამონასტრო კომპლექსი
09 ივნისი, 2022
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, შენს თვალწინ ფერადი სამყარო იშლება გაშლილ სივრცეში მიმოფანტული ფერადი მთები და კლდეები, ულამაზესი ლანდშაფტი, უდაბნოსთვის დამახასიათებელი ელფერი, განუმეორებელ სილამაზეს ქმნის და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ტერიტორია მრავალწყაროს სახელწოდებითაა ცნობილი. მრავალწყარო საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, თბილისიდან ერთი საათის სავალზეა, თუმცა მის შესახებ ფართო საზოგადოებისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის ნაკლებადაა ცნობილი... 
 
გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფი, მოგზაური:
 
 
მიუხედავად იმისა, რომ დავით გარეჯის უდაბნო, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლებით ღარიბია, მრავალწყაროს ტერიტორიაზე, ყოველთვის გხვდებოდა რამდენიმე წყარო და ტოპონიმიც ამის გავლენით მიუღია.  გასულ საუკუნეში, მრავალწყაროს ტერიტორიაზე ხელოვნური წყალსაცავი გაკეთდა. წყალსაცავის შექმნის მთავარი მიზეზი, მიმდებარე ტერიტორიების სარწყავი წყლით მომარაგება გახლდათ, თუმცა იმ დატვირთვით ვერ რწყავს ირგვლივ არსებულ ტერიტორიებს, როგორც დაგეგმილი იყო და უფრო თევზაობის მოყვარულების თავშესაქცევ ადგილად იქცა.  
 
ისტორიულად და გეოგრაფიულადაც უნიკალური ადგილია. საუკუნეების მიღმა, აქ სულ სხვა გარემოპირობები  გეოგრაფიული და გეოლოგიური გარემო არსებობდა და ადამიანიც სახლობდა. ცნობილია, რომ ამ ტერიტორიებზე ტყეებიც არსებობდა და საცხოვრებლადაც შესანიშნავ პირობებს ქმნიდა.
 
ისტორიკოსების მიერ მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტი მოწმობს, რომ მრავალწყაროდ ცნობილ ტერიტორიაზე, ადამიანი რამდენიმე ათასი წლის წინ დასახლებულა. დღეს არსებული ბუნებრივ გეოგრაფიულ პირობები ლანდშაფტი, რელიეფი, ტემპერატურა... ნახევრადუდაბნოსთვის დამახასიათებელ პირობებს ქმნის... განსაკუთრებით ლამაზი, ფერადი მთები და ბორცვებია, რაც ამ მხარეს გამორჩეულად მიმზიდველს, ეგზოტიკურს და საინტერესოს ხდის. მიზეზი  გეოლოგიურ წარსულში, ზღვის ფსკერზე დალექილი თიხნარი ნიადაგებია, რომელიც დროთა განმავლობაში, ქარის მოქმედებისა და წვიმებით გადარეცხვის შედეგად, ასე ლამაზადაა შეხამებული აქაურ ლანდშაფტთან. აქაური ბუნებრივი გარემო, ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და საბოლოოდ ამგვარი მიმზიდველი სახით მოვიდა ჩვენამდე... 
 
 
ზაფხულის პერიოდში, მრავალწყაროს მონახულება და ამ ტერიტორიაზე მოგზაურობა არ არის რეკომენდებული, რადგან  გაუსაძლისი სიცხეები გამო, ქვეწარმავლებიც მრავლად არიან და მაღალი ტემპერატურაც საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის. შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, მოგზაურობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები, მაინც ნოემბრიდან მარტის ბოლომდეა. ამ დროს მოგზაურობა სირთულეს არ წარმოადგენს.
 
მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი 
 
 
გარეჯის უდაბნოს სამონასტროს დაარსების დღიდან, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ყოველთვის მოღვაწეობდნენ ასკეტი ბერები და ათეულობით სამონასტრო კომპლექსი არსებობდა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის უფრო ცნობილია _ დავითს ლავრა, დოდო რქა, ნათლისმცემელი... ბევრი სავანე, მათ შორის მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი, თავის უნიკალური ქვაბულებით, საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი. 
 
მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი, 1995 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს მეცნიერების ფონდ უდაბნოს სამეცნიერო ექსპედიციის დროს. ამ დრომდე, არც ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება. მრავალწყაროს მრავალკომპლექსიანი სამონასტრო ცენტრის არსებობდა, სავარაუდოდ მეექვსე საუკუნიდან უნდა იღებდეს სათავეს. ამ პერიოდიდან, მთელს ამ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობდა სამონასტრო ცხოვრებაც, რაც განსაკუთრებით მეთერთმეტე მეცამეტე საუკუნეებში  მომძლავრდა. მეცამეტე საუკუნიდან კი არსებობდა შეუწყვეტია... დავით გარეჯის ლავრასთან შედარებით, მრავალწყარო შედარებით პერიფერიული ადგილია და მტერი ისეთი ინტენსივობით ვერ მოძრაობდა, როგორც გარეჯის სხვა ადგილებში და  მეუდაბნოე მამები გაცილებით დაცულად გრძნობდნენ თავს, რაც ხელს უწყობდა საკმაოდ მძლავრი სამონასტრო კერების არსებობას...
 
 
სამეცნიერო ექსპედიციების ჯგუფის მიერ, მრავალწყაროს ტერიტორიები მაქსიმალურად იქნა შეფასებული და 1995 წლიდან, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ჩამონათვალში, გაჩნდა  მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი, როგორც ერთ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი სამონასტრო კერა.
 
საბჭოთა პერიოდში ამ ადგილზე სამხედრო პოლიგონი იდგა და საბჭოთა ჯარისკაცების საწვრთნელი ბაზა არსებობდა.  ჯარისკაცები ხშირად დიდი ჭურვების სროლასაც არ ერიდებოდნენ. სწორედ ეს გახდა კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქვაბულებისა და კერების ჩამოშლის მთავარი მიზეზიც. როგორც ჩანს, საბრძოლო პოლიგონზე მყოფი ჯარისკაცები, გამოქვაბულებსაც ხშირად სტუმრობდნენ  გამოქვაბულებს და ფრესკებს და შიდა ინტერიერს რუსული წარწერებით `აფორმებდნენ~. რუსული ოკუპაციის კვალი დღემდეა შემორჩენილი, ფრესკების ნაშთებიც კი ფაქტობრივად გამქრალია... 
 
 
მრავალწყაროში კიდევ ბევრი რამაა შესასწავლი და აღმოსაჩენი, საკმაოდ ხელსაყრელი გარემოა, არა მხოლოდ სათავგადასავლო, საფეხმავლო თუ სხვა სახის ტურების მოსაწყობად, არამედ სამეცნიერო ტურიზმის მიმართულებითაც... 
 
ავტორი: შორენა მერკვილაძე
 
ფოტო: გიორგი დვალაშვილი

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.