ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფერადი პელმენების რესტორანი "როლ აუთი" მეორე რესტორანს "ბაზარი ორბელიანზე" ხსნის
27 თებერვალი, 2024

ფერადი პელმენის და წვენების რესტორანი ‘’როლ აუთიფართოვდება.  როგორც რესტორნის დამფუძნებელი გიორგი მღვდელაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია რიგით მეორე ფილიალს დაახლოებით ორ კვირაში თბილისში,  ‘’ბაზარი ორბელიანზე“ გახსნის.

მისი ინფორმაციით, კომპანია გაფართოების პროექტზე  მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს და გრძელვადიან პერიოდში ექსპორტსაც განახორციელებს. 

‘’ბაზარი ორბელიანის შემდეგ მესამე ფილიალს გავხსნით. გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ბევრი დეტალია დასაზუსტებული.  უფრო გვინდა, რომ რომელიმე მოლში შევიდეთ, ლოკაციად ცენტრალურ უბანს შევარჩევთ, რომელიც ტურისტულად უფრო მიმზიდველია. თუკი ეს მიდგომა გაამართლებს და მოთხოვნა გაიზრდება, დიდი ალბათობით,შესაძლოა ექსპორტზეც გავიდეთ. გლობალურ ბაზრებს ვაკვირდებით, შესაბამისად, საწყის ეტაპზე სწორება გვექნება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ჩეხეთი და ავსტრია, სადაც ჩვენი ნიშა პოპულარულია“, - აცხადებს გიორგი მღვდელაძე.

წარმატების პარალელურად, გიორგი მღვდელაძე გარკვეულ სირთულეებზეც საუბრობს, რისი გავლაც ახალგახსნილ რესტორანს მოუხდა.

"ზუსტად ერთი წლის წინ, როცა გავიხსენით, ფერადი პელმენის რესტორნის კონცეფცია ბაზრისთვის სიახლე იყო. განსაკუთრებით ქართველ მომხმარებლებში, ძალიან ბევრს ამ პროდუქტზე წარმოდგენა არ ჰქონდა. თუმცა ტურისტებისთვის ცნობილი კერძია, განსაკუთრებით რუსებში, უკრაინელებსა და ბელარუსებში არის პოპულარული. შესაბამისად, იყო გარკვეული სირთულე, მით უმეტეს სარესტორნო ბიზნესში, სადაც ზამთარი საკმაოდ პასიური პერიოდია და გაყიდვების დინამიკა შენელებულია. მიუხედავად ამისა, საკმაოდ სტაბილურად დავიმკვიდრეთ ადგილი და იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვიეთ, რომ უკვე გაფართოებაზეც დავიწყეთ ფიქრი“, - აცხადებს გიორგი მღვდელაძე.

მისივე განცხადებით, ფერადი პელმენებისა და წვენებისთვის  ნედლეულის ნაწილი - ძირითადად ხორცი -   ქართულია, ზღვის პროდუქტები - იმპორტული, რძის ნაწარმი კი ქართულ-ევროპული.

როგორც ‘’როლ აუთის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რესტორანთან ერთად ფუნქციონირებს საწარმო, სადაც პროდუქტი მთლიანად ხელით მზადდება და ტექნიკურ ჩარევას გამორიცხავს.

ამ ეტაპზე „როლ აუთი“ 13-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. წარმოებაში გამოყენებული „საღებავები“ ნატურალურია და 100%-ით უსაფრთხო პროდუქტია. კერძს ყვითელ ფერს აძლევს კურკუმა, მწვანეს - ისპანახი, შავი პელმენს ფერს კალმარის მელანი ანიჭებს და სხვა.

შეგახსენებთ, ფერადი პელმენის და წვენების რესტორანი ‘’როლ აუთი“  ამ დროისთვის 1 ფილიალითაა (ვაკე)  წარმოდგენილი. კომპანიაში 13 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, ახალი ობიექტის გახსნის შემდეგ დამატებით 7 ადამიანი დასაქმდება.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.