ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Mountain Set: Kazbegi-ი-ფესტივალი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება
26 ივნისი, 2019

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Mountain Set: Kazbegi-ი კუს ტბის მიმდებარედ, სფეისჰოლის ტერიტორიაზე ჩატარდება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, არჩილ ხაჭაპურიძის თქმით, ფესტივალის ჩატარების თარიღი და თვე უცვლელია და კვლავ 28-29-30 ივნისს გაიმართება.

როგორც ორგანიზატორმა აღნიშნა, იმ პირებს ვინც, ბილეთი უკვე შეიძინა და ფესტივალის ახალი ტერიტორიით უკმაყოფილოა თანხა უკან დაუბრუნდება.

მომხდარს გამოეხმაურა Spacehall Kustba, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა ფესტივალის ორგანიზატორებს:

სამწუხაროა, რომ იმ ფონზე, როცა ზაფხულში, საფესტივალო სეზონზე, მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის ტურისტული პოტენციალისთვის და შესაბამისად, ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ფესტივალის ორგანიზატორები, პირისპირ, მარტოდ-მარტო დარჩნენ, უხეშ ძალასთან და თითქმის გადაუწყვეტელ პრობლემასთან. გვჯერა, რომ ასეთ დროს, სცენა უნდა იყოს ერთიანი და სოლიდარული. ჩვენ გვესმის და ვაანალიზებთ თუ რამდენად რთულია ლოკაციის გარეშე დარჩენა, ფესტივალამდე 3 დღით ადრე.

ამიტომ, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ფესტივალის ორგანიზატორებს და მზადყოფნას გამოვთქვამთ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ და შევთავაზოთ ჩვენი სივრცე, ჩვენი საცეკვაო მოედანი, ფესტივალის გასამართად, – წერია Spacehall Kustba-ის განცხადებაში.

Mountain Set-ის თავდაპირველად ყაზბეგში, შემდეგ კი გუდაურში იგეგმებოდა, თუმცა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს და დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.