ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობას აგრძელებს ნაქალაქარის ერთ და სამაროვნების ორ ობიექტზე. ექსპედიციას ხელმძღვანელობს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
დღეს, არქეოლოგიური აღმოჩენები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა დაათვალიერეს.
ფიჭვნარის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია საინტერესო ნივთები, კულტურის ძეგლები. მათ შორის, ტყვიის შვეული, ქვის საწაფები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბათქაშით მოპირკეთებული იატაკების აღმოჩენა.
გათხრების მეორე ობიექტია ძვ.წ. მე-4 საუკუნის კოლხური სამაროვანი, სადაც აღმოჩენილია ოქროს მძივები, ნიღბიანი მამაკაცის მინის მძივი, ტერაკოტა ტახის გამოსახულებით კოლხური და იმპორტული თიხის ჭურჭელი. პარალელურად გრძელდება არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარის ძვ.წ. მე-5 საუკუნის ბერძნულ ნეკროპოლზე. ამ ეტაპზე შესწავლილია ზედა დონე, აღმოჩნდა ექვსი სააღაპო მოედანი და რამოდენიმე სამარხის კონტური.
არქეოლოგიური სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.
www.ipress.ge