კინო ტურიზმი – ქვეყნის წარმატების ახალი გარანტორი
წარმატების გარანტორი რომ არის, ამაზე კონკრეტული მაგალითები მეტყველებს:
-
ახალ ზელანდიაში „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ გადაღებებისთვის ქვეყანაში თემატური ინფრასტრუქტურა შეიქმნა; სპეციალურად აშენდა ჰობიტებისსოფელიც-ჰობიტონი. ეს ყველაფერი ხელუხლებელი დარჩა და შეიქმნა ტურისტული მარშრუტი, რის შედეგადაც ჰობიტონს საშალოდ დღეში 300 ტურისტი სტუმრობს. ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი 6-დან 9 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა;
-
მას შემდეგ რაც ხორვატიაში „სამეფო კარის თამაშები“ გადაიღეს, ქვეყანა ტურისტულ ნაკადის შემოდინებას ვერ მოერია, რადგან 150 %-იან ზრდას გადააჭარბა. იძლებული გახდა ლიმიტები დაეწესებინა;
-
ნებისმიერი ქვეყანაში, სადაც ფილმი „შეუსრულებელი მისიას“ გადაღებები დაფიქსირდება, ტურისტების რაოდენობა 250 %-ით იზრდება.
ზუსტად ამიტომ საქართველოში კინო ტურიზმი სულ უფრო პოპულარული, მოთხოვნადი და აქტუალური გახდება. არსებულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე „კომერსანტი“ მოგიყვებათ:
მიხეილ ხადურელი – (სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი)– „ბოლო წლებში ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა მაინც ჰოლივუდია. ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკურად, ასევე ტურიზმის კუთხითაც, რადგან ზუსტად 5 კვირის განმავლობაში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებზე საქართველოში დაიხარჯება 31 მლნ. ლარი; დღეში დაახლოებით მილიონ-ნახევარი. ამ თანხის 25 %-ის ანაზღაურებას სააგენტო ახდენს, მაგრამ ესეც საქართველოში დახარჯული ფულია. ვგულისხმობ, ქართული საპროდიუსერო კომპანიის დაქირავებას, სასტუმროში დასვენებას, კვებას, ხელფასებს… რაც შეეხება ტურიზმის ნაწილს, როცა ფილმში კონკრეტული ქალაქი იდენტიფიცირდება, ანუ მაყურებელი ხედავს სად ხდება მოქმედება, ეს ავტომატურად ნიშნავს ტურისტული ნაკადის ბუმს. „ფორსაჟი 9 „ იმიტომაა განსაკუთრებული, რომ თბილისი დაფიქსირდება ანუ იქნება ნახსენები“.
როგორც მიხეილ ხადურელი აცხადებს, ჰოლივუდამდე საქართველოში უკვე წარმატებული აღმოჩნდა ინდური სერიალებიც და ასევე კოპროდუქტებიც (ორი ქვეყნის საერთო პროდუქტი, მაგალითად ქართულ-უკრაინული), მაგრამ „ფორსაჟი9“-ის გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებული მოლოდინებია:
„ეს გახლავთ ბლოკბასტერის ჟანრის ფილმი, რომელსაც უყურებს ყველა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით . წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანი გაიგებს საქართველოს შესახებ?! წინასწარ რთულია ციფრებზე საუბარი, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, 2019 წელს საქართველოში იმაზე მეტი დაიხარჯება, ვიდრე მთლიანად ამ პროგრამის („გადაიღე საქართველოში“) არსებობის ისტორიაში, ამიტომ ძალიან დადებითი მოლოდინები გვაქვს ტურიზმის მიმართულებითაც“.
მოლოდინებზე საუბრისას „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი ქართული ფილმის პოტენციალზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნავს, შემდეგი ნაბიჯი სწორედ ეს არის. ჰოლივუდი საქართველოს ისტორიით დაინტერესდეს და ფილმი გადაიღოს.
„საქართველო როგორც ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ჰოლივუდის დაინტერესება. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“, საბრძოლო ტექნიკის მიმართულებით დიდგორის და ბასიანის ბრძოლები; თამარ მეფის ისტორია და ა.შ. ეს არის შემდეგი ნაბიჯიც – ვაპირებთ ჰოლივუდი ჩვენი ისტორიით დავაინტერესოთ. იცით, რომ გვქონდა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი, მათ შორის ცნობილი HBO-ც. მთავარია რომ ამ კონტაქტებზე გავედით, დავამყარეთ კომუნიკაცია; იცით უკვე ჩვენს შესახებ და ახლა ბევრად მარტივი გახდება შემდეგი ნაბიჯების გადადგმაც“.
რაც შეეხება სტატისტიკას, შეგახსენებთ რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 26 უცხოური პროექტი განხორციელდა. მათ შორის მხოლოდ 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 26 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 11 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 67 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 8 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
Commersant.ge