ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი გამოვლინდა. აღმოჩენაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცნობა კომპანია RMG-სგან მიიღო. არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, გეოლოგიური-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს.
ნამონასტრალი ფიტარეთის მონასტრის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, რომელიც ტყით დაფარული ქედის თხემზეა განლაგებული.
მონასტერზე ცნობები არ მოიპოვება არც ისტორიულ წყაროებსა და არც სამეცნიერო ლიტერატურაში.
კომპლექსის სახელი ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც უცნობი იყო.
სპეციალისტების შეფასებით, მონასტერი ძლიერაა დანგრეული, გარშემო მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები. სამშენებლო ნაშთები ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.
სპეციალიტები ვარაუდობენ, მონასტრის უძველესი ნაგებობა VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო.
ეკლესია კლდის ნამტვრევი ქვითაა ნაგები. მის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა.
ეკლესიის კედლებში ჩაშენებულია VI საუკუნის ქვაჯვარათა ორნამენტირებული ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანზე ნიამორის რელიეფური გამოსახულებაცაა; კედლებში ასევე ჩადგმულია ბრტყელი ფილები, რომელიც სავარაუდოდ საფლავის ქვებს უნდა წარმოადგენდნენ. მათზე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია გამოკვეთილი. ეკლესიის სამხრეთ კედელში გაჭრილ კარს ნათალი ქვის გრძელი არქიტრავი ფარავს. ეკლესია ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული, კედლებს აბოლოებდა ნათალი ქვის კბილანებიანი კარნიზები, რაც შენობის ადრეულობის ერთ-ერთი ნიშანია.
სავარაუდოდ XIII საუკუნეში, ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს ნათალი ქვით ნაგები კარიბჭე, რომლის სტრუქტურას ორკალთა გადახურვა აქვს. აღმოსავლეთ ეკლესიის კედლებზე მლოცველთა სხვადასხვა პერიოდის მინაწერებია ამოკაწრული.
ეკლესიის ირგვლივ შეინიშნება გალავნის ნანგრევები და სენაკების კვალი.
სამეცნიერო შესწავლის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციაზე იზრუნებს. ამ დროისთვის დაწყებულია ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები.
www.travelingeorgia.ge