ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ფიტარეთის ტაძარზე ქვის ლორფინის სახურავის შეცვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია“
08 მაისი, 2018

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტო ფიტარეთის ტაძარზე ქვის ლორფინის სახურავის შეცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. სააგენტოში განმარტავენ, რომ ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა გაავრცელა მცდარია.

„ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი) ამტკიცებს, რომ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობისას მოიხსნა XIII საუკუნის დროინდელი ლორფინი (ქვის გადახურვა), რომელიც ახლით შეიცვალა. საკითხი კი მდგომარეობს იმაში, რომ 2017 წელს ჩატარებულ რეაბილიტაციამდე არსებული ქვის სახურავი წარმოადგენდა საბჭოთა პერიოდის გადახურვას, რომელიც უხარისხოდ წარმართული და ლორფინის კლასიკური ფორმების სრული უგულვებელყოფით იყო შესრულებული. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ 1958 წლის ანაზომში ტაძრის სამხრეთის კალთაზე საერთოდ არ არის დაფიქსირებული ქვის გადახურვა(იხ.სურათი), რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ რეაბილიტაციის დაწყებამდე არსებული სახურავი წარმოადგენდა საბჭოთა რესტავრაციის ცუდ მაგალითს. არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, ტაძრის სახურავის არსებული ქვის ბურული მხოლოდ იმიტაციაა ლორფინის, რადგან ქვის ფილებს არ გააჩნია ლორფინის სახურავისთვის დამახასიათებელი წყლის ამრიდებელი წიბოები, ხოლო სახურავის ლილვებს კი ჩამკეტის ფუნქცია.

ისინი მხოლოდ დუღაბის ხსნარით იყვნენ დაწებებული, რაც ტაძარში წყლის შეუფერხებელ ჩადინებას იწვევდა. ამავდროულად, გამოვლინდა გადახურვის მზიდი კონსტრუქციის არასახარბიელო მდგომარეობაც. ის ძლიერ არის დაშლილი და მნიშვნელოვანი ზომის ბზარები აღენიშნება. არქიტექტორ-რესტავრატორების დასკვნის მიხედვით, გადახურვის მზიდი კონსტრუქცია, რომელიც თაღოვანი არაა და დაყრდნობილია საკურთხევლის თაღზე დაშენებულ 4 სვეტზე, გამაგრებას საჭიროებს.

ჩრდილოეთ ნავის დაზიანებულ ორფერდა სახურავს რესტავრატორები დროებითი ჰიდროსაიზოლაციო საშუალებებით დაიცავენ, რაც ფიტარეთის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტამდე ტაძარს ნალექებისაგან დაიცავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კიდევ უფრო მეტ განცფიფრებას იწვევს ნიკოლოზ ვაჩეიშვილის პოზიცია, რომელიც მოწმობს, რომ უწყების ხელმძღვანელობისას არაერთი უშედეგო მცდელობა ჰქონდა,რომ შელახულ ლორფინს მაინც შეესრულებინა ფუნქცია და გადაეყვანა ნალექი ზედაპირიდან..

ამ ფონზე, მან პირველ რიგში უნდა უწყოდეს, რომ ტაძრის გადახურვის წარმომავლობა არა XIII საუკუნის, არამედ გასული ასწლეულის უხარისხო იმიტაციაა. წლების წინ, მისი ხელმძღვანელობისას ჩატარებული სარეაბილიტაციო პროცესი კი, რომელზეც სახელმწიფო სახსრები იხარჯებოდა, საკითხის შეუსწავლელად იყო განხორციელებული, რადგან პრობლემა აღმოფხვრილი ისევ არ იყო. ფიტარეთის ეკლესიის სახურავის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს დასრულდება. მას კომპანია „არქიტექსი“ ახორციელებს,რომლის ანგარიშზეა ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლების რეაბილიტაცია,როგორიცაა მუცო,საღამოს ეკლესია,არჯევან - სარვანი,ტიმოთესუბნის გადახურვა,მახათაურის ეკლესიის რესტავრაცია და სხვა (და არა „საბურთალოს სასაფლაოს ქვის მთლელები“).სამუშაოების განხორციელების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო XIII ს-ის ეკლესიის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროცესის დაწყებას გეგმავს, რომელშიც თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი ჩაერთვება. ამჟამად სააგენტო კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროექტს ამზადებს. მისი განხორციელების ვადად კი სავარაუდოდ 2019 წელი განისაზღვრება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.