ფონდი ქართუ აბასთუმანში იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთა სახლები საცხოვრებლად გამოუსადეგარია 5- სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ამის შესახებ კომერსანტს არქიტექტორმა მალხაზ ჯეირანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია პროექტში რა თანხის ინვესტიცია ჩაიდება.
„აბასთუმანში ფალიაშვილის 28 ნომერში არის 2 კორპუსი, საცხოვრებელი სახლი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდინარედ აშენდება. როგორც წესი 5- სართულიან შენობებს არ აქვს ლიფტი, თუმცა ამ შემთხვევაში ლიფტის დამონტაჟება მოხდება. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე არსებული 2 კორპუსის რეაბილიტაციაც მოხდება. გამოიცვლება კარ-ფანჯარა, სახურავი და შეიცვლება ფასადიც. ჩვენი გათვლებით სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება, მშენებლობა კი წლის ბოლოს და მოსახლეობა ახალ ბინებში შევა“,- განმარტავს მალხაზ ჯეირანაშვილი.
სამშენებლო სამუშაოებს „შპს არალი“, განახორციელებს. მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუმ დააფინანსებს.
როგორც ცნობილია, აბასთუმანში მიმდინარეობს განადგურების პირას მისული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია და მათი პირვანდელი იერსახით აღდგენა. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია.
Commersant.ge