საქართველო რუსების გარეშე, როგორ აისახება ფრენების აკრძალვა ეკონომიკასა და პოლიტიკაზე – სტატიას ამ სათაურით რუსული Forbes აქვეყნებს.
გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტი ვიტალი შკლიარნოვი წერს, რომ რუსი ტურისტების გაუჩინარება საქართველოდან, საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზულ ზიანს არ გამოიწვევს, თუმცა მას შეუძლია ბიძინა ივანიშვილის პარტიის “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციები გააუარესოს.
რეპორტიორი წერს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის შემოღების შემდეგ, იყო საუბარი იმაზე, რომ ქართულ ეკონომიკა განადგურდება, თუმცა რეალურად სურათი დრამატულად არ გამოიყურება. ავტორის აზრით, დანაკარგი მშპ-ს 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
სტატიის ავტორი იუწყება, რომ ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის სიგნალი. მისი თქმით, ქვეყნებს შორის კომუნიკაციის ოფიციალური არხები ძალიან სუსტია, ამიტომ მთავრობები პოლიტიკური გზავნილების ენით საუბრობენ.
“ეს მესიჯი კი შესაძლოა ნიშნავდეს, უარს დაახლოების პოლიტიკაზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმურობის საკითხს”,- ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აღწერს. რეპოტიორი ყვება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უფრო სწორად, პირველი რაუნდის შემდეგ, რაც ხელისუფლება დაამარცხდა, მმართველმა პარტიამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ზომები მიიღო. საარჩევნო პროცესის დარღვევის აშკარა ფაქტები კი დამკვირვებელთა საერთაშორისო ანგარიშებშიც აისახა. სტატიის ავტორს სოციოლოგიური გამოკითხვაც მოჰყავს, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის მხარდაჭერა სწრაფად დაკარგა.
“ამ სიტუაციაში, თუნდაც მცირე გარე გავლენამ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის რუსი ტურისტების დაკარგვა, შეიძლება სერიოზული ცვლილება გამოიწვიოს პოლიტიკური ძალების განლაგებაში’’- დასძენს ჟურნალისტი.
რეპორტიორის აზრით, ამ და სხვა ფაქტორებს ემატება საქართველოს მთავრობის სერიოზული შეცდომა, რაც 20 ივნისს აქციის ძალისმიერი გზით დარბევით გამოიხატა.
“ამგვარად, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული პოლიტიკის დესტაბილიზაციას”- აღნიშნავს, რუსული “ფორბსის” ჟურნალისტი.