ფოთში, მალთაყვის „ოქროს ტბის“ ტერიტორიაზე წყალსათხილამურო სპორტის განვითარება ისევ დაიწყო. 2 კვირის წინ, ამ ტბას წლების წინანდელი ფუნქცია დაუბრუნდა და „საქართველოს ვეიკპარკი“ გაიხსნა. წყლის თხილამურებით გასეირნებისა და სხვადასხვა წინაღობების გადალახვის სურვილით ვეიკპარკს უკვე რამდენიმე ადგილობრივთან ერთად ტურისტებიც სტუმრობენ.
საქართველოს წყალსათხილამურო სპორტს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. 90-იან წლებში მალთაყვამ ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.
„1991 წელს ბაბუაჩემმა რომან მელიამ და მისმა მეგობარმა გურამ დოლბაიამ პირველად განავითარეს წყალსათხილამურო სპორტი საქართველოში, ამ წელს პირველ დამოუკიდებელ საქართველოში, ფოთში, ოქროს ტბაზე ევროპის ჩემპიონატი ჩაატარეს . 23 ქვეყანა იყო ჩამოსული. ჩემპიონატს აშუქებდა BBC, CNN, Euronews,Eurosport -თითქმის ყველა უცხოური მედია. მოკლედ, მთელმა მსოფლიომ მაშინ გაიცნო საქართველო და ფოთი, არეულობის შემდეგ კი „ჩაყვინთა“ აქაურობამ. წლების მერე ჩავერთე წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის საქმიანობაში და 4 წელი ვცდილობდი დაფინანსების მოპოვებას,“ – ამბობს ვეიკპარკის ერთერთი დამფუძნებელი რატი მელია „კომერსანტთან“.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ფერეიდნელი ქართველი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, 2 ვეიკპარკი აქვს ირანში.
“სწორედ მისი დახმარებით, ერთობლივი ძალებით დავამონტაჟეთ და ავაშენეთ ყველა საჭირო კონსტრუქცია მალთაყვის ვეიკპარკისთვის.“
ინვესტიციის საერთო ღირებულება 45 ათას აშშ დოლარს შეადგენს. სასრიალო მანძილი სიგრძეში 200 მეტრს მოიცავს. 5 წუთით თხილამურებზე დადგომა 10 ლარი ღირს, 10 წუთი – 15 ლარი, ხოლო 1 საათი – 70 ლარი ღირს. როგორც რატი მელიამ აღნიშნა პარკის უკან იგეგმება კაფე ბარის მოწყობაც.
„წყალსათხილამურო სპორტი საკმაოდ გავრცელებული ტრენდია მთელს მსოფლიოში, სულ სხვა ნიშაა ტურისტებისთვის, სადაც ძირითადად შეძლებული ხალხია ჩართული. 17 დღეა რაც ფოთში ამ პარკზე მიმდინარეობს მუშაობა და ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. მე რომ მქონდეს საშუალება ტბას არ დავტოვებდი, სადაც ასეთ სისტემას არ დავამონტაჟებდი, მაგრამ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, გაამართლა ამ პარკმა, სანამ ჩამოვიდოდითაქაურობა მკვდარი იყო , ერთი ადამიანი არ დადიოდა და ახლა საკმაოდ გამოცოცხლებულია.“
მალთაყვის ტერიტორიაზე 5 სხვადასხვა ტიპის ტრამპლინია დამონტაჟებული. ტბის ორივე მხარეს 9- 9 მეტრის სიმაღლის ბოძებია განთავსებული და მათ შორის რკინის ტროსია გაბმული. თხილამურზე დგომისას გზად გხვდება ტრამპლინები და სხვადასხვა ტრიუკები სრულდება.
“სასრიალოდაც ერთი სიამოვნებაა და საყურებლადაც ძალიან კარგია.“ – ამბობს რატი მელია
რაც შეეხება უსაფრთხოებას, დამფუძნებლების თქმით, ექსტრემალური სპორტის არც ერთი სახეობა არ იძლევა 100 პროცენტიან უსაფრთხოების გარანტიას, თუმცა სტუმრებისთვის აუცილებელია ამ მიზნით ჩაფხუტისა და ჟილეტის ტარება და ხმელეთზე სპეციალური ინსტრუქტაჟის გავლა.
„ჩვენი პარტნიორები საკმაოდ გამოცდილები არიან ამ სფეროში. საერთაშორისო კვალიფიცირებული მწვრთნელებისა და პროფესიონალების ხელშია ჩვენი ვეიკპარკი. ყველა მსურველი ვალდებულია სანამ წყლის თხილამურზე დადგება, ხმელეთზე სპეციალური სწავლება გააროს“
უახლოეს მომავალში ვეიკპარკის უკან კაფებარის მოწყობა და კემპინგ არეალის განვითარება იგეგმება . როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ამისთვის გადაწყვეტილია სიმბოლურად იმ ტრანსპორტის გამოყენება , რომელიც 1991 წლის ჩემპიონატზე ამ ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს ემსახურებოდა.
Commersant.ge