“გაბრუნების მაღალმა მაჩვენებლმა ირანელ ხალხში საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გააქრო”
ირანის რესპუბლიკის ელჩმა საქართელოში ირანელი ტურისტების კლების მიზეზებზე ისაუბრა. Bm.ge-სთან საუბრისას სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა განაცხადა, რომ საზღვრის კვეთისას არსებულმა სიტუაციამ, ირანელებს ქვეყანაში შემოსვლის სურვილი დაუკარგა.
“ირანიდან შემოსული ტურისტების რიცხვი წინა წელთან შედარებით განახევრებულია, რაც განპირობებულია ირანელი ტურისტების საზღვრიდან გაბრუნების მაღალი მაჩვენებელით. ჩვენ გვესმის რომ კონკრეტული მოთხოვნები აქვს ქართულ მხარეს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, თუმცა არსებობდა მოულოდნელი მოთხოვნები, რაზეც ირანელ ხალხს ინფორმაცია არ ჰქონდა.
რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს გაბრუნების მიმართულება – ეს ეხებოდა მათ, ვინც პირველად შემოდიოდა ქვეყანაში და მათაც, ვინც ბინადრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვეს ქვეყანა და ხელმეორედ სცადეს გადმოსვლა. უკეთესი იქნებოდა, თუკი ეს მათ წინასწარ ეცნობებოდათ.
იქ იყვნენ პოტენციური ინვესტორებიც და ამ ფაქტმა გააჩინა უარყოფითი დამოკიდებულება ირანელ ხალში. როცა მასპინძელი ქვეყანა არ გიღებს და შეფერხებებს გიქმნის, ამას ირანელი ხალხი ვერ მიესალმება. გაბრუნების მაღალმა მაჩვენებლმა ირანელებში გააქრო სურვილი საქართველოში ჩამოსვლისა”, – განაცხადა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა.
ინფორმაციისთვის, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქეს ეთქვა.
საანგარიშო პერიოდში ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში ყველაზე მეტი ირანის და ინდოეთის მოქალაქეები არ შემოუშვეს.
კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საზღვრის გამოკვეთის უფლება ირანის 5,565 მოქალაქეს არ მიეცა.
bm.ge