გადაჭარბებული მოლოდინები აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე – საქართველო მეორეხარისხოვნ პოზიციაშია – რა ხდება მსოფლიო ტრანზიტის ბაზარზე
აბრეშუმის გზა – მარშრუტი, რომლის მნიშვნელობასაც წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება განსაკუთრებულს უწოდებდა და დღემდე საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ პლატფორმას წარმოადგენს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობაში ეჭვი არავის ეპარება, მეორე მხრივ, შესაძლოა, აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით, სხვაგვარი რელობა არსებობდეს.
როგორც ირკვევა, აბრეშუმის გზა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც არამომგებიანი და ძვირადღირებული არჩევანია. მეტიც, ალტერნატიული მარშრუტების განვითარების პარალელურად პროექტის პერსპექტივები სულ უფრო ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება. უფრო ზუსტად:
რამდენიმე დღის უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბრეშუმის გზას ჩინეთი არ იყენებს და ის წამგებიანია უკრაინისთვისაც:
„ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით… ამ ეტაპზე აბრეშუმის გზა ჩინეთისთვის რჩება სათადარიგო მარშრუტად, თანაც პეკინი მას კარგად იყენებ რუსეთთან ვაჭრობაში უკეთესი პირობების მისაღებად და ტარიფების შესამცირებლად“.
ინტერვიუში მან აბრეშუმის გზის წაგებიანობის მიზეზებიც დაასახელა და თქვა, რომ აღნიშნული მარშრუტი უკრაინას საკმაოდ ძვირი უჯდება, ამიტომ ალტერნატიული გზა (ყაზახეთი-რუსეთი-ბელორუსი) ბევრად მომგებიანია:
„ადრე ჩვენ გვქონდა დიდი საექსპორტო ბაზრები შუა აზიაში – ძირითადად დიდი რაოდენობით ვაგზავნიდით კვების პროდუქტებს. დღეს ამ მიმართულებაზე მოძრაობს ორი ბორანი – შავ და კასპიის ზღვებში. ეს 2-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე იყო რუსეთის გავლით, თანაც საჭიროებს მეტ დროს. ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად Roshen-ის, ხშირად ვერ უძლებს ამხელა გზას და ფუჭდება… დღეს აღმოსავლეთის მიმართულებით ერთ დღეში უკრაინიდან დადის 66 სატვირთო ვაგონი, მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ შემოღებულ სანქციებამდე ეს მაჩვენებელი აღწევდა 600-ს… 2016 წლიდან, იმის შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაკეტა ტრანზიტი, უკრაინული ექსპორტი შუა აზიაში 10-ჯერ შემცირდა და ქვეყანა ყოველდღიურად კარგავს კონკურენტუნარიანობას ამ ბაზრებზე“.
„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია ამ მოცემულობაში საქართველოს როლი და მისი ზარალი.
აბრეშუმის გზას არაკონკურენტულს უწოდებს ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი და ადასტურებს, რომ საქართველოზე გამავალი ეს მარშრუტი ამ ეტაპისთვის საერთაშორისო ბაზარზე მეორეხარისხოვანია:
„კარგად რომ გავაანალიზოთ, რატომ არის აბრეშუმის გზა არაკონკურენტული, დავიწყებ სულ თავიდან: ჩინეთიდან რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის გავლით, ასევე პოლონეთში ხდება გადატვირთვა, ძირითადი დანიშნულებაა დუისბურგი (გერმანია), საიდაც უკვე ტვირთები ევროპაში ნაწილდება. ამ შემთხვევაში რუსეთის ძლიერი მხარეა ის, რომ მისმა „ერჟედემ“ და გერმანულმა „დოიჩე ბანმა“ ერთობლივი საწარმო გააკეთეს. იგი ოპერირებას უწევს ტრანსევრაზიულ ლოჯისტიკას და მარკეტინგულად თუ საოპერაციო დონეზე ძალიან გამართულია. იმდენად გამართული, რომ აბრეშუმის გზა ვერ უწევს კონკურენციას“.
ჯაბა თარიმანაშილი ჩვენთან საუბარში იმ კონკრეტულ ფაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას, რატომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის აბრეშუმის გზა, რომელიც არაკონკურენტულია და რატომ არსებობს მასზე გადაჭარბებული შეფასებები:
„შუა დერეფანი, ანუ კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთის სარტყელის ძირითადი დაბრკოლება ზღვებია. რუსეთის შემთხვევაში ტვირთის გადაზიდვა მთლიანად ხმელეთით ხდება, ჩვენს მდგომარეობაში კი ორი ზღვის გადალახვა გიწევს. ანუ, ერთი პრობლემაა კასპიის ზღვა, სადაც არასტაბილურია საკონტეინერო გადაზიდვები და ძირითადად საბორნე გადაზიდვები ხდება. ასევე ამინდის ცვალებადობაც დიდ პრობლემებს ქმნის და ტარიფებიც საკმაოდ ძვირია. მეორე პრობლმეაა საქართველოს მონაკვეთი, საიდანაც უკრაინასთან დაკავშირება კონკრეტული ბორნებით ხდება და აქაც არაპროგნოზირებადი ამინდი და ძვირადღირებული ტარიფები დიდი გამოწვეაა“.
მესამე პრობლემად ბიზნესის ანალიტიკოსი მიიჩნევს საქართველოდან რუმინეთში გადაზიდვის ალტერნატივას, რა შემთხვევაშიც საბორნე მიმოსვლა საერთოდ არ არსებობს. ჯამში, ეს ყველაფერი კი არაკონკურენტულს ხდის მთლიანად აბრეშუმის გზას და შესაბამისად, რუსეთის გვერდის ავლით ჩინეთიდან ტვირთების ევროპაში გადაზიდვას. ტვირთმფლობელები და გადამზიდი კომპანიებიც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ:
„იქ, სადაც უფრო იაფი, პროგნოზირებადი და სწრაფი მარშრუტია, არჩევანიც მასზე კეთდება. ზუსტად ასეთი გამოდის ყაზახეთი-რუსეთი-ბელორუსის გზა. ამიტომ წაგებიან მოცემულობაშია საქართველო. ერთადერთი რამაც შეიძლება ჩვენი მიმართულებით ტვირთი წამოიღოს, ეს თურქეთის დანიშნულებაა და რაღაც გარკვეული ნაწილი შეიძლება აითვისოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც თურქეთი იმ მოცემულობას და მასშტაბს ვერ გასწვდება, რაც ტვირთის გერმანიიდან ევროპაში განაწილება გულისხმობს. უკრაინისთვისაც და ჩინეთისთვისაც ამ ყველაფრის გამო აბრეშუმის გზა არამომგებიანია“.
ჯაბა თარიმანაშილის თქმით, თავად აბრეშუმის გზის წაგებიანობა განაპირობებს უკვე საქართველოს არაკონკურენტულობასაც:
„ბუნებრივია, მთლიანად ამ მოცემულობაში საქართველო არაკონკურენტულია და ამ ეტაპზე ვართ მეორეხარისხოვნები. არ მინდა შევაფასო სხვების გადაჭარბებული მოლოდინები აბრეშუმის გზაზე, მაგრამ საკითხის სიღრმისეულად შესწავლა ისედაც ხსნის ყველაფერს“
შეგახსენებთ, ისტორიული აბრეშუმის სავაჭრო გზის იდეა 2013 წელს ჩინეთის მიერ პროექტ “ერთი სარტყელისა და ერთი გზის ინიციატივის” წამოყენების ფარგლებში განისაზღვრა. პროექტის ფარგლებში, ვაჭრობის გარდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად, საქართველოს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, გამხდარიყო ტრანზიტული დერეფანი კასპიის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპამდე მიმავალ გზაზე.
Commersant.ge