ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“გადაჭრილ გორაზე” ინფრასტრუქტურის მოწყობა და ვიზიტორთა ცენტრის განვითარება იგეგმება
26 თებერვალი, 2018

ქვემო ქართლის სოფელ იმირში ნეოლითური ხანის არქეოლოგიური ძეგლის „გადაჭრილი გორა“ კონსერვანცია და ვიზიტორთა ცენტრის განვითარება იგეგმება.

ძეგლის განვითარების კონცეფციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, ეროვნულ მუზეუმთან ერთად შეიმუშავებს.

სტრატეგიის განსაზღვრის პარალელურად იმირში, სადაც რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარულმა კვლევამ ძვ.წ. 6000-5800 წლებში აქ მოსახლე ტომებში მეღვინეობის პირველადი მიმდინარეობის არსებობა დაადასტურა, არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი მაისიდან განახლდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გრძელვადიანი პატნიორობის ფარგლებში, ძეგლის არქეოლოგიურ შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, კვლავაც ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგებიც განახორციელებენ, რომელთანაც ქართული მხარე 2016 წლიდან თანამშრომლობს.

2 წელიწადში ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების გაცნობის, ამჟამინდელ მდგომარეობის შეაფასებისა და მომავალი სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოების დაგეგმვვის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენელობითი ჯგუფი ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლს ესტუმრა. ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, შემუშავდება ძეგლის სამომავლო დაცვის მექანიზმებიც, რომელთა საბოლოო დახვეწისა და ამოქმედების შემდეგ, მაღალი ალბათობით „გადაჭრილი გორა“-ს ეროვნული კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

კანადური მხარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან არქეოლოგიური ძეგლის სამომავლო განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას შეეცდება, რაშიც საქართველოს მთავრობაც მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. დაცვის პირველადი მექანიზმის ამოქმედებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს, რომლთა ძალისხმევითაც ახლო მომავალში არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია დროებითი კონსტრუქციით შემოიღობება.

„გადაჭრილი გორა“-ს არქეოლოგიური მისიის ხელახალი ამოქმედებისთანავე ფუნქციონირებას განაახლებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაც, სადაც პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ქართველ სტუდენტებთან ერთად, კანადელი ახალგაზრდებიც მიიღებენ. სკოლა სპეციალური პროგრამის ფარგლებში იმუშავებს, რომლის მიზანიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერებების - საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების - არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და პალეობოტანიკის პოპულარიზაციაა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.