ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაერო საქართველოს 12 დაცულ ტერიტორიას განვითარებაში დაეხმარება
04 მარტი, 2019

საქართველოს 12 დაცული ტერიტორია გაეროს განვითარების პროგრამისგან და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან მრავალმხრივ დახმარებას მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ხუთწლიანი პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება შემდეგ 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა 2023 წლამდე გაგრძელდება.

„ამჟამად დაცული ტერიტორიები საქართველოს მთლიანი ფართობის 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომავალი რვა წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაიზრდება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

პროგრამის ბიუჯეტში გაერთიანებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გრანტი (1.8 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება (4.8 მილიონი აშშ დოლარი), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წილი (3.1 მილიონი აშშ დოლარი) და საქართველოს ბანკის წილი (200,000 აშშ დოლარი).

Imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.