„გაყიდვების შენარჩუნება, ის მინიმუმია რაც უნდა გავაკეთოთ, რადგან მსოფლიოში ხარისხიანი ღვინის სიჭარბეა და სულ უფრო რთული ხდება კონკურენცია“ - „თბილღვინო“
კომპანია „თბილღვინო“ 2024 წელს, ღვინის რეალიზაციის გაზრდას და ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმავს.
„თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო წლები მრავალი სირთულით ხასიათდება, მაგრამ კომპანიის მთავარი მიზნები, ღვინის სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიცირება და მაღალხარისხიანი ღვინის მიწოდება, უცვლელია.
„თბილღვინო“ 30 ქვეყანაში ქართული მაღალხარისხიანი ღვინის ექსპორტს ახორციელებს. პანდემიის შემდეგ დიდი სირთულეები იყო, ამიტომ გაყიდვების შენარჩუნება, ის მინიმუმია რაც უნდა გავაკეთოთ, რადგან მსოფლიოში ხარისხიანი ღვინის სიჭარბეა და უფრო და უფრო რთული ხდება კონკურენცია.
ბაზრების დივერსიფიკაცია წელსაც გავაგრძელეთ და კიდევ ორ ახალ ბაზარზე, თურქეთსა და ჩეხეთში განვახორციელეთ გადატვირთვა. ქვეყნებში სადაც ჩვენი პროდუქციაა წარმოდგენილი, წელს დავიმატეთ 10 ახალი კონტრაქტი. შესაბამისად, 2023 წელს ორი ახალი ქვეყანა და ათი ახალი პარტნიორი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.
გარდა ამისა, კომპანიამ წელს პირველი მოსავალი მიიღო 2000 წელს ენისელში გაშენებული ვენახიდან. ბოლო წლებში აქტიურად ვახდენთ ქართული ჯიშების გაშენებას და განვითარებას, რაც მომავალშიც გაგრძელდება. კონიაკის წარმოებასაც აქტიურად ვავითარებთ“, - ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.
რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 2024 წელს კომპანიის მთავარი პრიორიტეტი დარჩება ქართული ხარისხიანი ღვინის რეალიზაციის და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა. გარდა ამისა, მისი თქმით, ფინანსური სიჯანსაღისა და კონკურენტუნარიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ და ზოგადად დარგმა დანახარჯების ოპტიმიზაცია მოახდინოს.
commersant.ge