ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"გალერია თბილისის" და სასტუმრო "პარაგრაფი შეკვეთილის" გასაყიდი ჯამური ფასი $226 მლნ-ია
15 ნოემბერი, 2022

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი „გალერია თბილისის“ და სასტუმრო „პარაგრაფი შეკვეთილის“ (Paragraph Resort & Spa, Shekvetili) გასხვისებას ისევ არ ჩქარობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდში განუცხადეს,  ორივე ობიექტის ჯამური ფასი $226 მლნ-ია, აქედან  „გალერია თბილისის“  გასაყიდი ფასი $126 მლნ-ს შეადგენს, ხოლო Paragraph Resort & Spa, Shekvetili-ი $ 100 მლნ-ად იყიდება.

„მიუხედავად იმისა რომ პანდემიურმა კრიზისმა ნაწილობრივ გადაიარა, ტურიზმი ჯერ ბოლომდე არ აღდგენილა, 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებას სხვადასხვა შეფასებით კიდევ 2 წლამდე პერიოდი დასჭირდება. ამის გარდა ამგვარი აქტივების ღირებულებაზე ბუნებრივია უარყოფითად აისახება ომი უკრაინაში.

რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად ორივე ობიექტზე იყო რამოდენიმე კონკრეტული შემოთავაზება, თუმცა პირობებზე ვერ შევთანხმდით. ობიექტების გაყიდვა არ გვეჩქარება, დაველოდებით უკეთეს შემოთავაზებებს რაც ტურმიზმის მაჩვენებლების ზრდასთან და ასევე უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად უფრო რეალური გახდება,“-აცხადებენ ფონდში.

კითხვაზე, ხომ არ განიხილავს ფონდი  „გალერია თბილისის“ და სასტუმრო „პარაგრაფის“   გარდა, სხვა მისი პროექტის გასხვისებას, თანაინვესტირების ფონდში განმარტავენ, რომ ამჟამად ფონდს მისი მართვის ქვეშ არსებულ სხვადასხვა აქტივზე („გალერია თბილისის“ და სასტუმრო „პარაგრაფის“ გარდა)  არაერთი მოლაპარაკებაა აქვს. თუმცა, რომელი აქტივების გასხვისება იგეგმება კიდევ, ამაზე  ფონდში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება.

ფონდი, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.

ფონდი ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის ოთხს სექტორში ახორციელებს: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა და მრეწველობა, რის ფარგლებშიც ჯამურად განხორციელებულია 10-მდე პროექტი. რაც შეეხება საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს მის პორტფელში დამატებით 10 სასტუმროს პროექტი ერთიანდება.

ფონდი ორიენტირებულია განახორციელოს 25%-დან 100%-მდე წილობრივი მონაწილეობა ისეთ პროექტებში, რომელთა მინიმალური მომგებიანობა 17%-ს შეადგენს. პროექტის მინიმალური ჯამური საინვესტიციო მოცულობა უნდა შეადგენდეს 5 მლნ დოლარს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ინარჩუნებს საკუთრების ინტერესს კომპანიებში 7-დან 9 წლის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი გაასხვისებს კომპანიის საინვესტიციო წილს, სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით:

  • პროექტის გაყიდვა თანა-პარტნიორებზე;
  • გაყიდვა მესამე მხარეზე;
  • აქციების განთავსება ადგილობრივ და საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.