Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10%-12%-ით გაიზრდება და 3 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიაღწევს.
მისივე განმარტებით, ამჟამად ტურიზმის სექტორზე ყველაზე დიდი გავლენა ირანსა და თურქეთს აქვთ, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ 2019 წელს Galt & Taggart საქართველოში 5 მილიონ 300 ათას ტურისტს ელოდება.
“ვფიქრობთ, რომ 2019 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც თურქეთის და ირანის ეფექტი შემცირდება ტურიზმის სფეროში, ვიზიტორების ზრდის ტემპი დაჩქარდება. წელს ველოდებით 5 მილიონ 300 ათას ტურისტს; რაც შეეხება შემოსავლებს, ჩვენი გათვლებით 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ნიშნულს მიაღწევს ეს მაჩვენებელი, რაც ტურისტების რიცხვშიც და შემოსავლებშიც 10%-12%-იან ზრდას ნიშნავს წინა წელთან შედარებით. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ვიზიტორებს, მათი რაოდენობა მომატებულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან, შემცირება კი, თურქეთიდან და ირანიდან შეიმჩნევა”, – აცხადებს ბოჭორიშვილი.