Galt & Taggart: წელს ტურიზმის სექტორი დაახლოებით $200 მლნ დაკარგავს და 4.9%–მდე გაიზრდება
Galt & Taggart-ის პროგნოზით, წელს რუსული ავიასანქციების შედეგად ქართული ტურიზმის სექტორი დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ზარალს ნახავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს Galt & Taggart–ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განუცხადა.
“20 ივნისის მერე განვითარებული მოვლენები სექტორზე გავლენას იქონიებს. ჩვენი პროგნოზით, ველოდებით, რომ წელს დაახლოებით 200 მლნ დოლარის დანაკარგი ექნება სექტორს. ეს ყველაფერი კეთდება იმ დაშვებით, რომ არსებული სიტუაცია, რაც არის ქვეყანაში დასტაბილურდება და არ მოხდება ამის ესკალაცია. რა თქმა უნდა, თუ არეულობა გაგრძელდა, ეს გამოიწვევს დამატებით დანაკლისს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პროგნოზი, რომ სექტორი ამ გამოწვევას გაუძლებს, იქიდან გამომდინარეობს, რომ ეს დარგი უკვე ათი წელია ვითარდება. ამ სექტორში ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვდა და რეალურად, მან უკვე შეძლო ძალიან ბევრ გამოწვევასთან გამკლავება – ეს იყო ლარის გაუფასურება, თუ ძალიან ბევრი რეგიონალური გამოწვევები. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მოკლვადიან რყევასაც გადავივლით სწორად”, – განაცხადა შარიქაძემ.
მისივე თქმით, ამ პირობებში საჭიროა მოკლევადიანი გეგმის შემუშავება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა ჩაანაცვლონ რუსი ტურისტები ზაფხულის პერიოდში.
“ასევე მნიშვნელოვანია ალბათ, რომ აქცენტი გაკეთდეს უფრო მარტივად მოსაზიდ ტურისტებზე ამ შემთხვევაში. ვგულისხმობ განსაკუთრებით ტურისტებს უკრაინიდან, ბალტიისპირეთიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, ან თუნდაც აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან”, – აღნიშნა მან.
მიუხედავად რუსული ავიასანქციებისა, Galt & Taggart-ის პროგნოზით, წელს საქართველოში ტურიზმის სექტორი 4.8–4.9%–მდე გაიზრდება.
bm.ge