მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ირანიდან 60%-ით ნაკლები ვიზიტორი (13,437 ვიზიტორი) სტუმრობდა. რაოდენობრივად, აღნიშნული შემცირება 20,853-ია.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში ირანიდან ვიზიტორების კლება 57% იყო.
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი bm.ge-ისთან ამბობს, რომ „ირანის ტურისტული ბაზარი ნელ-ნელა ქრება“.
„როდესაც რეალურად გვაქვს ახალი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვის საშუალება, ვგულისხმობ მაგალითად, ირანს და ინდოეთს; ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და თუ უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებითაა გარკვეული კითხვები, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა იზრუნონ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოაგვარონ ეს საკითხები და ბარიერები აღმოიფხვრას. ხშირად მსმენია, რომ დიდი ტურისტული ჯგუფები მოდიოდა ინდოეთიდან და უკან გაუბრუნებიათ; როდესაც ერთ თვითმფრინავს აბრუნებ, მერე რთულია, რომ იმ ქვეყნებიდან სხვა ტურისტები შემოიყვანო, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა მოგვარდეს მსგავსი საკითხები. ინდოეთი ძალიან დიდი ბაზარია, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ; მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება; იგივე ირანის შემთხვევაშიც, ვხედავდით, რომ ირანი ერთ-ერთი ახალი ბაზარი იყო, საიდანაც ვიზიტორები მზარდი იყო, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ეს ბაზარი ნელ-ნელა ქრება და ცოტა ხანში ძალიან დაბალ რიცხვებს მიაღწევს ირანიდან ვიზიტორების რაოდენობა“, – განაცხადა სამყურაშვილმა.
bm.ge