ინტერნეტსივრცეში ქართული Trip Advisor გამოჩნდა. მობილური აპლიკაცია სახელწოდებით Gamarjoba სულ ერთი კვირაა, რაც ამოქმედდა და 1000 ჩამოწერა აქვს.
პროექტის მენეჯერი მარიკა ჭუმბურიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ აპლიკაცია უცხოელ ვიზიტორებზეა მორგებული და მათ აწვდის ისეთი ტიპის ინფორმაციას, როგორიცაა სახელმწიფო სერვისები, ტრანსპორტი, სასტუმროები, გადაუდებელი დახმარება, ასევე ინფორმაცია ვიზის შესახებ და ა.შ.
მარიკა ჭუმბურიძის თქმით, ტურისტებს სთავაზობენ იურიდიულ მომსახურებასაც.
"ეს აპლიკაცია შეიქმნა ევროკავშრის დაფინანსებით. მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როცა უცხოელი ჩამოდის საქართველოში გადაუდებელი კონტაქტების და აუცილებელი სერვისების შესახებ მიეწოდოს ინფორმაცია.
ძალიან ბევრი მოთხოვნა გვაქვს სასტუმროების მხრიდანაც, რომ ჩავსვათ აპლიკაციაში. არ გვინდა, რომ booking.com ჩავანაცვლოთ, ამიტომ ვმუშაობთ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც მოხვდებიან ჩვენს აპლიკაციაში ობიექტები",- აცხადებს მარიკა ჭუმბურიძე.
მისივე განცხადებით, აპლიკაცია იძლევა ინფორმაციას, კონკრეტული ქვეყნიდან არის თუ არა საქართველოში ჩამოსასვლელად საჭირო ვიზა, რა ვადა დარჩა მომხმარებელს საქართველოში ყოფნისთვის და ა.შ.
"აქვეა მოცემული ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, 112-ში დარეკვა აპლიკაციიდანვე შეუძლია მომხმარებელს. ჩვენი იდეა სწორედ აქედან წამოვიდა, რომ როცა უცხოელი ჩამოდის ქვეყანაში და რამე დასჭირდა, უცებ გაარკვიოს ამ მომსახურების მეშვეობით.
აქვე არის ონლაინჩათის სერვისი. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, რომელი ქვეყნიდან არის და თავისი თანამემამულეები მოძებნოს, რომლებსაც ასევე აქვთ გავლილი რეგისტრაცია",- აცხადებს მარიკა ჭუმბურიძე.
მისივე თქმით, აპლიკაციის ჩამოწერა შესაძლებელია როგორც ანდროიდის ასევე IOS-ის ტიპის ტელეფონებისთვის.
"იქიდან გამომდინარე რომელი ქვეყნები იყო აქტუალური საქართველოსთვის და რომელი ქვეყნებიდან შემოდიან საქართველოში ტურისტები, ამ ქვეყნებში მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალური ქსელის მეშვეობით და უკვე საკმაოდ ბევრი ჩამოტვირთვა აქვს აპლიკაციას",- აცხადებს პროექტის მენეჯერი.