კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს უერთდება.
პროექტ „ღამე მუზეუმის“ ფარგლებში ვარძიის განათებული კომპლექსი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს.
საღამოს 18:00 საათიდან მუზეუმ ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა.
„ღამე მუზეუმში“ პროგრამის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული გუნდი, რომელიც მაყურებელს ეფექტურ სანახაობას შესთავაზებს. მოფარიკავეთა წარმოდგენას კი ცოცხალი შესრულებით მომღერალ სოფო ხალვაშისა და მისი მუსიკალური ბენდის კონცერტი განაგრძობს.
ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „ზრდას“ ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე იმართება.
აქციას „ღამე მუზეუმში“ 2005 წელს ევროსაბჭომ ჩაუყარა საფუძველი. საქართველოში კი ეს ინიციატივა 2015 წელს დამკვიდრდა.
Commersant