ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გამოცდილებიდან რეალობამდე - ენგურჰესზე ტურისტული ცენტრის მართვისას ჰუვერის კაშხლის მოდელის დანერგვა განიხილება
20 ივნისი, 2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში "ენგურის ტურისტულ ცენტრმა"აშშ მელიორაციის სახელმწიფო ბიუროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი ჰუვერის კაშხალის ცენტრალურ ადმინისტრაციასა და ენგურჰესის ტურისტული საიტის მმართველ უწყებას შორის პარტნიორობის სამომავლო გეგმებს განსაზღვრავს.

ამერიკელი პარტნიორების გაცნობის მიზნით ქართული დელეგაცია შეერთებულ შტატებში 12 ივნისიდან იმყოფება. ქართული მხარე ნევადის შტატში მდებარე ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებას გაეცნო.

ენგურჰესის ტურისტული ზონის ახლადშემუშავებულ საპროექტო დოკუმენტაციას გაეცნო ამერიკული მხარეც, რომელიც პროექტის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურ ინტერესს იჩენს.

ესტონური კომპანია "კოკო არქიტექსის" სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის განხორციელების საწყის ეტაპს კი ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციის წევრები საქართველოში ადგილზევე გაეცნობიან. მათი ვიზიტი ენგურის თაღოვან კაშხალზე მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება.

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ სიდიდით მეორე ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. მისი განვითარების კონცეფცია, ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.

ჰუვერის კაშხალი მდინარე კოლორადოზე მდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობაა , როემლიც აშშ-ის 2 შტატს - არიზონასა და ნევადას აკავშირებს. თაღოვანი კაშხლის სიმაღლე 221 მეტრია. კაშხალს სახელი ჰერბერტ ჰუვერის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც მის მშენებლობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. კაშხლის მშენებლობა 5 წელიწადს გაგრძელდა და 1936 წელს დასრულდა. 1981 წელს შევიდა აშშ-ს ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ სიაში. 1985 წელს კი ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდიდან ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე აქტიურადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჰუვერის კაშხლის ტურისტულ საიტს ყოველწლირად 8 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. 

www.travelingeorgia.ge

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.