„საქართველო – ბუნებრივი ბრიალიანტი“ – ამ სახელწოდებით სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა „თრეველერი“ აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორის თქმით, „საქართველო მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ და პერსპექტიულ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება“.
„საქართველოს მთები, ტაძრები და აქტიური დედაქალაქი ამ ქვეყანაში ვიზიტს დამალული ძვირფასი ქვასავით მიმზიდველს ხდის“, – წერს „თრეველერი“.
სტატიაში დეტალურად არის აღწერილი საქართველოში ვიზიტის დროს აუცილებლად მოსანახულებელი ადგილები. მათ შორის არის თბილისი. „თრეველერი“ მკითხველს ურჩევს საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში ფეხით გაისეირნონ, რაც „ტურისტებს ქალაქის რითმისა და კონტრასტის შეგრძნებაში დაეხმარება“.
„თბილისი არის სტილების ნაზავი, ეს არის ქალაქი, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ავსებს. თბილისს შეუძლია, შეგიტყუოს, მაგრამ ერთი შეხედვით პატარა ქალაქში ყველაფრის სანახავად და ატმოსფეროს შესაგრძნობად რამდენიმე დღეა საჭირო“, – ნათქვამია სტატიაში.
„თრეველერის“ რეკომენდაციაა, დავით გარეჯის, გორის, ბორჯომისა და ფოთის მონახულება.
„საქართველოს კურორტებს შორის ყველაზე ცნობილი არის ბორჯომი. ის მინერალური წყლითაა განთქმული, რომელსაც ქვეყნის ყველა მაღაზიაში იხილავთ“, – წერს ესპანურეოვანი გამოცემა.
სტატიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მესტიას.
„გზა იოლი არ არის. მესტიამდე მისაღწევად დაკლაკნილი ფერდობებზე გასწვრივ გამავალი გზის გავლას რამდენიმე საათი და კარგი საბურავები სჭირდება. მაგრამ, მესტიაში ვიზიტი შეუფასებელი სიამოვნებაა. სვანეთში გადაადგილებისას, თქვენ კავკასიის შუაგულში ხართ და ევროპის ყველაზე მაღალ მწვერვალებს ათვალიერებთ“, – წერს „თრეველერი“.
სტატიის ავტორი საქართველოში ჩასულ ტურისტებს ასევე ურჩევს ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას.
„ხინკალი, ხაჭაპური, ასევე ლობიოსა და ნიგვზის ნაზავი – მაგრამ ეს უკვე გასტრონომიაა, რომელსაც სხვა სტატიას მივუძღვნიდი“, – აღნიშნავს ავტორი.
1tv.ge