ღვინის ხარისხის მხრივ კახეთი ერთ-ერთ საუკეთესო კუთხედ ითვლება. ცივ-გომბორის მთა მას ორად ჰყოფს: შიგნით კახეთი და გარე კახეთი. შიგნით (შიდა) კახეთი ალაზნის ხეობაშია, იგი ახმეტიდან ხირსამდე გრძელდება. ეს მანძილი 100 კმ-ს უდრის. გარე კახეთი ივრის ხეობაშია მოქცეული. შიდა კახეთს მდინარე ალაზანი ორ მიკრორაიონად ჰყოფს: გამოღმა მხარე და გაღმა მხარე. გამოღმა მხარე ძირითადად ურწყავია, გაღმა მხარე კი ძირითადად ირწყვება, რაც თავის დაღს ასვამს როგორც ხარისხზე, ისე მის რაოდენობრივ მაჩვენებელზე. ღვინის ხარისხის მხრივ უპირატესობა გამოღმა მხარეს ეძლევა. რბილი ჰავის გამო გაღმა მხარის ღვინოები უფრო დაბალექსტრაქტულია, მოსავალი კი შედარებით მეტი იცის. როგორც ევროპული, ისე კახური ტიპის კლასიკურ ღვინოებს სწორედ გამოღმა მხარე იძლევა (წინანდალი, კარდანახი).
ალაზნის მარჯვენა მხარეში გამოსაყოფია: 1. ახმეტის, 2. იყალთოს, 3. კურდღელაურის, 4. წინანდლის, 5. ვაზისუბნის, 6. მუკუზნის, 7. გურჯაანის, 8. კარდანახის, 9. ტიბაანის, 10. საქობის და 11. ბოდბეს-მაღაროს. გაღმა მხარეში 8 მიკრორაიონია: 1. პანკისის ხეობა, 2. ალვანის, 3. ნაფარეულის, 4. ენისელის, 5. ყვარლის, 6. გავაზის, 7. ვარდისუბნის და 8. ლაგოდეხის. გარე კახეთი კი მხოლოდ 5 მიკრირაიონისაგან შედგება: 1. კაჭრეთის, 2. კაკაბეთის, 3. მანავის, 4. საგარეჯოს და 5. ხაშმის.
გამოღმა მხარეში ვენახები განლაგებულია ცივ-გომბორის მთის კალთებზე, რომლებიც ზღვის დონიდან 400-700 მ-ის სიმაღლემდე მდებარეობს. საერთოდ, კახეთის მიკრორაიონების განხილვისას, თვალში გვეცემა ასეთი კანონზომიერება: ზედა ზოლში დგება ევროპული ტიპის სუფრის ღვინოები: თეთრი და წითელი, ზოგან შამპანური ღვინომასალები მოდის. შუა ზოლში_სუფრის ხარისხობრივი ღვინო კახური და ევროპული ტიპის. ქვედა ზოლში მასობრივი მოხმარების (საერო) ღვინო იცის. ქართული ღვინის მარკებიდან მეტი წილი კახეთში მზადდება.
კახური ტიპის წითელი ღვინო დგება ყვარლის, ვაზისუბნის, მუკუზნის, კურდღელაურისა და კარდენახის მიკრორაიონებში, სისქესა და სხეულიანობასთან ერთად ეს ღვინოები ხავერდოვანია. მათში მშვენივრად არის შეხამებული ფერი და არომატბუკეტი. ღვინოების კასრებში დავარგება წარმოებს წინანდლის, თელიანისა და გურჯაანის სარდაფებში. საბრენდე ღვინომასალებით საუკეთესოა ენისელის მიკრორაიონი.
მეღვინეობის მხრივ გარე კახეთიც საინტერესოა, განსაკუთრებით კი მანავის მიკრორაიონი. წითელი ღვინო აქ ისეთი ღირსებების ვერ დგება, როგორც შიდა კახეთში. გარე კახეთის მიკრორაიონები ევროპული ტიპის მსუბუქი ღვინოების (თეთრი და წითელი) და კონიაკის ღვინომასალების მწარმოებელია. ევოლუციის პროცესში კახეთში დამკვიდრდა რამდენიმე აბორიგენული ღირშესანიშნავი ჯიში: წითლებიდან _ საფერავი, თეთრებიდან კი _ რქაწითელი, მწვანე და ხიხვი. ამათ გარდა, აქ ფეხი მოიდგა ფრანგულმა ჯიშმა _ კაბერნემ.
Allwine.ge