ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"გამოწვევების წელი როგორც ექსპორტის, ისე წარმოების თვალსაზრისით" - ღვინის სექტორი საექსპორტო მაჩვენებლებში კლებას ელის
26 დეკემბერი, 2023

გამოწვევების წელი, როგორც ექსპორტის, ისე წარმოების თვალსაზრისით - ასე აფასებს ქართული ღვინის სექტორი 2023 წელს. კომპანიებში ამბობენ, რომ მათი საექსპორტო მაჩვენებლები წელს შემცირებულია, რაც ცუდმა მოსავალმა განაპირობა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობითაც, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ქვეყანამ წელს ყურძნის ყველაზე დაბალი რაოდენობის მოსავალი მიიღო, რაც კლიმატურმა პირობებმა განაპირობა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განუცხადა, ვენახებისთვის არასასურველი კლიმატური პირობები - კერძოდ, წვიმა მთელი გაზაფხულის და ზაფხულის პირველ ნახევარში და ასევე სეტყვა, რომელიც რთველის აღების პროცესში ორჯერ მოვიდა - ის ნეგატიური ფაქტორებია, რამაც 2023 წლის ყურძნის მოსავალს დიდი დაღი დაასვა.

"შედეგად, 2017 წლის შემდეგ, ყურძნის ასეთი დაბალი რაოდენობის მოსავალი ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა, რამაც შეამცირა ღვინის წარმოება და ექსპორტიც. ჯამში, მიმდინარე წელს კახეთში 204 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო რაჭაში 1700 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 6 წლის მონაცემებით, ყველაზე ცუდი შედეგია. თუმცა, ცუდი მოსავლის მიუხედავად, ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, რეგიონებმა თითქმის ის შემოსავალი მიიღეს, რაც გასულ წელს. მაგალითისთვის, წლევანდელი რთველის შემოსავალი კახელი ფერმერებისთვის 250 მილიონ ლარს აღწევს, რაც შეეხება რაჭის რეგიონს, ალექსანდროული - მუჯურეთულიდან შემოსავალი, დაახლოებით, 12 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მან საექსპორტო მაჩვენებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის წლიურად ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა როგორც კერძო სექტორი, ისე ღვინის ეროვნული სააგენტო, რაოდენობაში კლებას ელის.

ღვინის სექტორში საექსპორტო ბაზრებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, ეტაპობრივად, მცირდება და ქართული ღვინისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება, რასაც კიდევ უფრო წაახალისებს საქართველოს მიერ მიღებული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ამასთან, ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში შესვლისთვის, 2024 წლისთვის, სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება და 16 მილიონი ლარი იქნება. ღვინის ეროვნულ სააგენტოს უკვე შერჩეული აქვს სტრატეგიული ბაზრები და მათ შორისაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. შემუშავდა ახალი სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის წახალისებას ითვალისწინებს და რომლის ბიუჯეტიც მომავალი წლისთვის 1.5 მილიონი ლარია.

რაც შეეხება მოლოდინებს ღვინის ფასებთან დაკავშირებით, ღვინის სექტორში ელიან, რომ წელს საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის საშუალო ფასი მოიმატებს. მათ შორის გაიზრდება ქართული ღვინის ღირებულებაც. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, გაზრდილია ქართული ღვინის საშუალო ხარისხიც.

შეგახსენებთ, 2022 წელს საქართველომ რეკორდული, თითქმის 253 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის რეალიზება შეძლო და სხვადასხვა ბაზრებზე ექსპორტზე 106 ათასი ტონა ღვინო გაყიდა. გასულ წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 1 ლიტრზე, საშუალოდ, 2 დოლარი და 60 ცენტი იყო.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.