„გარე ფასადის სამუშაოების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია“ - რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს გახსნის თარიღი ისევ უცნობია
თბილისის ცენტრში სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს ოპერირების დაწყების თარიღი ისევ უცნობია. რუსთაველის გამზირის #30-ში მდებარე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა.
„რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი და Ibis Styles Old Tbilisi-ს მენეჯმენტ კომპანია PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე ფასადის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს და წელს დასრულდება, თუმცა როდის გაიხსნება სასტუმრო „რთული სათქმელია“.
„სასტუმროს გარე ფასადის სამუშაოების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია და მიმდინარე წელს ჩვენი ფასადი დამთავრდება. ძალიან შთამბეჭდავი გამოდის. აქტიურად ვმუშაობთ, ინვესტიცია არ გაჩერებულა, თუმცა სასტუმრო როდის გაიხსნება ვერ ვასახელებ, ძალიან დიდი პროექტია და რთული სათქმელია, ამიტომ დანარჩენს იმის მიხედვით განვსაზღვრავთ, თუ როგორ იქნება დაფინანსება ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით პროექტის დასრულების და სასტუმროს გახსნის ვადებს ვერ ვაზუსტებთ”, - ამბობს მინდია გადაევი.
მისი თქმით, კომპანიას ვადებთან დაკავშირებით ვალდებულებები არ გააჩნია და შესაბამისად პროექტს საკუთარი ბიზნესგეგმის და გათვლების მიხედვით ახორციელებს.
„ზოგადად სასტუმროს ბიზნესი დიდი მომგებიანობით არ გამოირჩევა, ეს არის გრძელვადიანი პროექტები რომელთა უკუგების ვადები არანაკლებ 10 წლის არის, მით უმეტეს როდესაც საერთაშორისო სტანდარტებზე ვსაუბრობთ.
საქართველოში სამ ვარსკვლავიან სეგმენტში დაინტერესება უფრო მეტია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენთან ტურისტი ვიზიტორები უფრო მეტი არის, ვიდრე ბიზნეს ვიზიტორები. ვვარაუდობ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება“, - ამბობს მინდია გადაევი.
Hyatt Regency Tbilisi-ი 180 სასტუმრო ნომერზე გათვლილი სასტუმრო იქნება. სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსდება აუზი, ბარი და ორი რესტორანი, შეხვედრების ოთახი და შეხვედრების დარბაზი. რაც შეეხება ინვესტიციას, პროექტის განხორციელება „რუსთაველი ფროფერთის“ დაახლოებით 60 მლნ დოლარი უჯდება.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში „რუსთაველი ფროფერთის“ სასტუმრო ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გაეხსნა, თუმცა პანდემიის და ინვესტიციების მოზიდვის მიზეზით არაერთხელ გადაიდო.
commersant.ge