„გარკვეული ცვლილებები აუცილებელია, რეგულაცია ბიზნესისთვის შემაფერხებელი არ უნდა გახდეს“ - BB Travel
მთავრობა კერძო სექტორთან ერთად „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის შექმნაზე წლებია მუშაობს, საბოლოო ვარიანტი დღის შუქს რამდენიმე თვეში იხილავს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროექტი პარლამენტში გაზაფხულზე დარეგისტრირდეს. ტურიზმის შესახებ ახალმა კანონმა უნდა ჩაანაცვლოს 1997 წელს მიღებული კანონი, რომელიც დღემდე მოქმედებს.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორში ცვლილებები და საჭიროა თუ არა გიდების სერტიფიცირება, ამ თემაზე რადიო„კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ BB Travel - ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, გარკვეული ცვლილებები აუცილებელია, რაზეც არავინ დავობს, თუმცა რეგულაცია ბიზნესისთვის შემაფერხებელი არ უნდა გახდეს.
„თუ ვიღებთ რაღაც კანონს, მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ამის აღსრულება, სახეზე გვაქვს ტექნიკური ინსპექტირების კანონი და ის ისე არ სრულდება, როგორც უნდა იყოს. რაღაც კითხვები უკვე არსებობს, რაზეც ტურიზმის სექტორი ვთანხმდებით, ეს ეხება წვრილ მოთამაშეებს, ყველა თანხმდება, რომ უსაფრთხოების კუთხით რეგულაციები მისაღებია, ეს გულისხმობს ტრანსპორტის კუთხით რეგულაციებს, რაც ტექინსპექტირებაზეა მიბმული, მეორე საკითხია სიცოცხლისთვის რისკის შემცველი აქტივობების რეგულირება, რომელშიც მოიაზრება ალპინიზმი, სამთო გამყოლი, ჯომარდობა, პარაგლაიდინი და ა.შ, რომელსაც ჩვეულებრივი გიდი ვერ განახორციელებს.
მეორე საკითხი, რაც გიდების სერტიფიცირებას შეეხება, კარგია, რომ ეს ნებაყოფლობითია, მაგრამ მეორე კუთხით ჩნდება კითხვები, როგორ მოხდება ეს და ვინ გააკეთებს ამას, რა ორგანიზაციები განახორციელებენ, სად გვაქვს სტანდარტი და რა უნდა იცოდეს გიდმა, ეს არავინ არ იცის, რის საფუძველზე ვუწესებთ სერტიფიცირებას.
ჩემი აზრით, იმ ფორმით, რა ფორმითაც ამის მიღება სურთ, ეს უბრალოდ ფორმალურ სახეს მიიღებს, იქნებიან სერტიფიცირებული ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ისევ ის განათლება, რაც დღეს აქვთ და რეფორმა გაკეთდება არა იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს, არამედ რეფორმისთვის. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ნებისმიერი ცვლილება პროფესიონალი კადრების დასაქმებას უნდა უწყობდეს ხელს და ასეთი ფორმით, ეს როგორ მოხდება, არ ვიცი“, - აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.
კანონპროექტში არ არის საუბარი იმაზე თუ ვის შეეხება რეგულაციები, საქართველოს მოქალაქეს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, გიორგიძის თქმით ამ საკითხს სახელმწიფო საერთოდ არ განიხილავს.
„ეს საკითხი კოლეგებისთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან კონკურენცია ძალიან გაზრდილია და საკითხის დარეგულირებას საერთოდ არ აპირებენ, აქ საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი გინდ საქართველოდან გინდ უცხოეთიდან მიიღებს სერტიფიკატს და შესაძლოა მას რაღაც პრივილეგია მიენიჭოს და სიტყვაზე მუზეუმში შევიდეს უფასოდ, ჩვენთვის მთავარი მუზეუმში უფასოდ შესვლა კი არ უნდა იყოს, განათლების მიღება და პროფესიონალიზმი უნდა იყოს პრიორიტეტული.
ვთქვათ მომინდა განათლების მიღება, სად მივდივარ ან ვისთან, ვფიქრობ რომ ეს საკითხი დროებით უნდა იყოს გაჩერებული, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოების კუთხით და ეს საკითხი ისე უნდა მოვაგვაროთ რომ უსაფრთხოება იყოს დაცული.
მაგალითად ევროპაში როდესაც ავტობუსი დიდ მანძილზე გადაადგილდება იქ ორი მძღოლია, გარკვეული პერიოდი ერთ ისვენებს და მეორე აგრძელებს მუშაობას, ეგრე უნდა იყოს აქაც, ევროპული სახელმწიფოები რეგულაციებს ხსნიან და ბიზნესი უფრო თავისუფალი ხდება“, - აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.
ცვლილებებში მითითებულია, რომ ძალაში კომბინირებული ტურისტული მომსახურების რეგულირებაც შევა , რაც გამოიხატება იმაში, რომ ტურ ოპერატორი ვალდებული ხდება, რომ გააჩნდეს ფინანსური შესაძლებლობა შემთხვევის დასაზღვევად. აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გიორგიძე ფიქრობს, რომ მესამე საკითხს მსხვილი კომპანიები ლობირებენ, რაც წვრილ კომპანიებს გააქრობს.
„დღეს ყველაზე პოპულარული ფრილნსერი გიდების მუშაობაა, რომელიც თავიანთ ტურებს საიტების მეშვეობით ყიდიან, უმეტესობა დარეგისტრირებულია ინდ მეწარმედ მცირე მეწარმედ და ესენი არიან ინდივიდუალურ მოთამაშეები და სხვათა შორის შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მათ უმეტესობა მომხმარებელს ბერვად კარგ სერვის სთავაზობს ვიდრე დიდი კომპანია. შესაბამისად ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ კომპანიებს აწყობდეს. თუ ადამიანი ცდილობს, რომ მომხმარებელი მოატყუოს, ამ მომხმარებელს კანონი ისედაც იცავს და მას დამატებითი რეგულაცია აღარ სჭირდება“, - აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.
commersant.ge