ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახეთის გუბერნატორი: “აეროდრომ „მიმინოზე“ შიდა ფრენების განსახორციელებლად მოლაპარაკებები ერთ-ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს“
25 იანვარი, 2019

„მიმდინარე წლის გაზაფხულზე თელავში არსებულ სასწავლო აეროდრომ „მიმინოზე“ შიდა ფრენების განსახორციელებლად მოლაპარაკებები ერთ-ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც ქადაგიშივლი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ის კონკრეტულ ინფორმაციას ვერ გააჟღერებს, რადგან  მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას ელოდება.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმითვე, კახეთში სწორედ „მიმინოს“ ბაზაზე აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და „ტავ ჯორჯიას“ შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

„კომერსანტი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასაც“ დაუკავშირდა. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე სიახლე არაფერია და კვლავ მოლაპარაკებების პროცესი მიმდიანრეობს. კომპანიაში მოლაპარაკებების დასრულების ზუსტ დროს ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ.

გუბერნატორის აზრით,  სხვა გამოწვევებთან ერთად კახეთისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ გამოწვევად სწორედ აღნიშნული პროექტი მიიჩნევა, რადგან ეს ტურისტების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა.

ცნობილია, რომ „TAV Georgia“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება 2027 წლამდე შესაძლებლობას არ იძლევა თბილისთან ახლოს ამუშავდეს აეროპორტი, რომელიც საერთაშორისო რეისებს მოემსახურება.

დღეს აეროპორტ „მიმინოში“ შიდა რეისები არ სრულდება. აეროპორტი  სრულად სერტიფიცირებულია  კატეგორიით, რომელსაც 5 500 კილოგრამამდე საჰაერო ხომალდის მიღება შეუძლია. „მიმინო“  2013 წლიდან  საქართველოს  საავიაციო უნივერსიტეტის ბალანსზეა და ის ძირითადად, სასწავლო  დანიშნულებით გამოიყენება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.