George Grey Winery-მ ცისფერი და მწვანე ღვინის „კესანეს“ წარმოებასთან ერთად ახალი ლიქიორის წარმოება დაიწყო - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ უთხრა. მისი თქმით, ლიქიორი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და ქართულ ბაზარზე სიახლეა.
„ჩვენ გვაქვს ორი სახის ლიქიორი. ლიქიორის ავტორები არიან ღვინის ექსპერტები თიკა ჯაჯანიძე და ნინო მაისურაძე. სწორედ მათი იდეა იყო, მსგავსი გემოვნური თვისებების მქონე ლიქიორის შექმნა და დამზადების ტექნოლოგიაც თავიდან ბოლომდე მათ ეკუთვნით. ლიქიორი George Grey Winery–ს ბრენდის ქვეშ იწარმოება და განსაკუთრებულია იმით, რომ იგი დამზადებულია ჩვენი ღვინის „გრეისეული“-ს ბაზაზე, რომლის დამზადების ტექნოლოგიაც თავის მხრივ განსაკუთრებულია.
საქართველოში ლიქიორს ცოტა სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა მე არ მახსენდება ადამიანი, რომელსაც გასინჯვის შემდეგ არ ეთქვას თუ რა მაგარია და რომ მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ჩვენ ასევე გვაქვს რქაწითლის ლიქიორიც, რომელიც რქაწითლის ღვინისგან არის დამზადებული და მის ტონებში ფორთოხლის და ლიმონის გემოები შეინიშნება. აღნიშნული გემოები ლიქიორს ნედლი ლიმონის და ფორთოხლის ქერქისგან აქვს მიღებული და სწორედ ამიტომ დასამახსოვრებელი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, რაც გულგრილს არავის ტოვებს“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.
რაც შეეხება „გრეისეულს“ , იგი განსაკუთრებული ტექნოლოგიით არის დამზადებული და შავკაპიტოს, ბუდეშური საფერავის და თავკვერის სეპაჟირებით მიიღება. როგორც გიორგი რუხაძე აღნიშნავს, George Grey Winery ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მსგავს სეპაჟირებას იყენებს, რაც სრულიად განსხვავებულ გემოვნურ თვისებებს სძენს ღვინოს. ამ მიმართულებითაც ექსკლუზიურ მწარმოებლებად ვითვლებით, იმიტომ რომ საქართველოში სხვა მეღვინეობას მსგავსი ღვინო არ აქვს“ - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.
„გარდა ზევით ხსენებული ღვინოების და ლიქიორებისა, ჩვენ ამჟამად ვაწარმოებთ ქვევრის ღვინოების 4 სახეობას და ასევე გვაქვს ევროპული მეთოდოლოგიით დამზადებული ღვინოები (საფერავი და ქინძმარაული). ქვევრის ღვინოების შემთხვევაში იდეალურად არის დაცული ქვევრის 8000 წლიანი ტრადიცია.
ღვინომ „გრეისეული“ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა იტალიის ქალაქ ვენეციაში 18-19 სექტემბერს ჩატარებულ ღვინის ფესტივალზე, სადაც George Grey Winery-ის ტრადიციულ ღვინოებთან ერთად წარმოდგენილი იყო უნიკალური ღვინის სახეობებიც, რომელთა შორის ღონისძიების დამსწრეთა განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება სწორედ „გრეისეულმა“ და ცისფერმა ღვინომ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ინვოვაციურ ღვინის ხაზში George Grey Winery ცისფერთან ერთად მწვანე ღვინოსაც აწარმოებს.
„რაც შეხება ტრადიციულ მეღვინეობას, იტალიელებმა აღნიშნეს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ღვინო „გრეისეული“ ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც იდეალურად იცავს ქართული ტრადიციული მეღვინეობის კულტურას და წესებს და ასევე ძალიან მომხიბვლელია და გემოვნური თვისებებით ევროპელი მომხმარებლებისთვის მისაღებია.
მწვანე და ლურჯი ღვინის მიმართ დაინტერესება, როგორც საქართველოს ბაზარზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ მაღალია“- აღნიშნა გიორგი რუხაძემ.
George Grey Winery-ის ღვინის შეძენა საქართველოში შესაძლებელია, ალკორიუმში, 800 მოსავალში, თბილელის ქარვასლაში, ღვინის მუზეუმში და ღვინის სხვადასხვა მაღაზიებში.
რაც შეეხება ექსპორტს George Grey Winery- ის როგორც ტრადიციული, ასევე ევროპული ღვინოები და ღვინის ლიქიორები სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად გადის ექსპორტზე, ესენია: აშშ, უზბეკეთი იაპონია ავსტრია და სხვა. როგორც გიორგი რუხაძემ აღნიშნა, George Grey Winery-ს აქტიური მოლაპარაკებები აქვს კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან.
ამჟამად „ყველაზე აქტიურ ქვეყნებად ითვლება აშშ, უზბეკეთი, იაპონია. ჩვენი ღვინოები ასევე წარმოდგენილია შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და ჰონგ-კონგში.
მიმდინარე კვირას უზბეკეთს მიმართულებით მხოლოდ ტრადიციული ღვინოები გაიგზავნა, რაც შეეხება აშშ- ის მიმართულებას აქტიურად იგზავნება, როგორც ჩვენი ღვინოები ასევე ლიქიორები“ - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.
რუხაძეს გაყიდვების კუთხით მიმდინარე წლის შეფასებაც ვთხოვეთ, როგორც მან აღნიშნა, ღვინის გაყიდვებს კუთხით როგორც ადგილობრივ , ასევე საერთაშორისო ბაზარზე ტენდენცია მზარდია და წინა წლის ამ კვარტალთან შედარებით გაყიდვები მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი.
George grey winery არსებულ წარმოებაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ მომხმარებელს ახალი პროდუქტით გააკვირვებს.
commersant.ge