„თელიანი ველში“ დღეს შემავალი კომპანიები საექსპორტო ბაზარზე პრობლემას ქმნიდნენ – როგორ აფასებს ღვინის ბიზნესი Georgia Capital-ის გამსხვილებას
საინვესტიციო კომპანია„საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) ღვინის ბაზარზე აქტიური და სერიოზული მოთამაშე ხდება. მის პორტფელში შემავალმა კომპანია „თელიანმა ველმა“ ზედიზედ, უკვე რამდენიმე ღვინის წარმოება შეიძინა:
ცოტა ხნის წინ იგი „ალავერდის“ 100 %-იანი წილი მფლობელი გახდა, მანამდე კი „ქინძმარაულის მარნის“ 100 %-იანი წილიც შეისყიდა.
როგორც „თელიანი ველის“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ბოკუჩავამ „კომერსანტთან“ აღნიშნა, სამომავლოდ კომპანიას ამ მიმართულებით კიდევ არაერთი გეგმა აქვს.
მოგეხსენებათ, თავის დროზე „საქართველოს კაპიტალი“ გაემიჯნა „საქართველოს ბანკს“ და დამოუკიდებელი კომპანიაა, თუმცა ფინანსურად იგი დღესაც ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ მოთამაშედ მოიაზრება.
როგორ აისახება ღვინის ბაზარზე ახალი, ძლიერი კომპანიის გამოჩენა, რა გავლენას მოახდენს იგი როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე და როგორია კონკურენციის რისკები?
როგორც გაირკვა, კერძო სექტორი ბაზარზე კიდევ ერთი ძლიერი ბიზნესის გამოჩენას მიესალმება და თვლის, რომ აღნიშნული ფაქტი დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს. ბიზნესი დარწმუნებულია „საქართველოს კაპიტალის“ პროფესიონალიზმში. რაც შეეხება რისკებსა და პრობლემებს, აქამდესაექსპორტო ბაზარზე ფასების არაკონკურენტუნარიანობა ყველაზე დიდ გამოწვევად რჩებოდა, რაც აფერხებდა და აპაუზებდა ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებას.
ზურაბ ჩხაიძე -„კახური ტრადიციული მეღვინეობა : „ყველა კომპანია ცდილობს გახდეს პირველი და ამისთვის ხარჯავს თავის ადამიანურ თუ ფინანსურ რესურს. „საქართველოს კაპიტალს“ თანხები მოზიდული აქვს ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან და ბევრი კარგი, ფასეული ინვესტიციაც განუხორციელებია. ამიტომ მივესალმები ღვინის ბაზარზეც რომ აქტიურად შემოდის და სხვათა შორის, არ მივიჩნევ მას კონკურენტად, რადგან მის მსგავსად სხვა მსხვილი მოთამაშეებიც ვართ წარმოდგენილნი. მაგალითად, ჩვენ ის გზა, რასაც ახლა „საქართველოს კაპიტალი“ გადის, უკვე გავიარეთ… შესაბამისად, მას აღვიქვამ როგორც კოლეგა კომპანიას, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, ეს ფაქტი ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას ხელს შეუწყობს და ზოგადად, ტენდენცია ყალიბდება იმგვარი, რომ საერთოდ დარგი მსხვილდება“…
ის, რაშიც ზურაბ ჩხაიძე აქამდე პრობლემებს ხედავდა, ეს ღვინის საექსპორტო ბაზარია. იგი ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ უცხოურ ბაზარზე ექსპორტის ფასები არაკონკურენტული და პროცესებიც არაჯანსაღი იყო:
„სხვათა შორის „საქართველოს კაპიტალის“ პროფესიონალი გუნდისგან განსხვავებით მის მიერ შეძენილი კომპანიების („ალავერდი“ და „ქინძმარაულის მარანი“) ძველი მენეჯმენტი არასწორად და გაუმართავად მუშაობდა. ბევრ შეცდომას უშვებდა, რაც უარყოფითად აისახებოდა ზოგადად დარგზეც. მათ შორის, სწორედ მათ შეიტანეს, თავის დროზე, უარყოფითი ელემენტები ფასების ნაწილში ექსპორტზეც და ციფრებიც ქვემოთ ჩამოვიდა. კარგია რომ ახლა მენეჯმენტი შეიცვალა და დარწმუნებული ვარ, „საქართველოს კაპიტალის“ გუნდი და „ალავერდის“, „ქინძმარაულის მარნის“ ძველი მენეჯმენტი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან“.
ზურაბ ჩხაიძეს მოსაზრებებს იზიარებს „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი ზურაბ მარგველაშვილიც. ბიზნესმენი „საქართველოს კაპიტალის“ ახალ ინვესტიციებს წარმატებას უსურვებს და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარების პერსპექტივებშიცდარწმუნებულია:
„რადგან კომპანიამ ღვინის ბაზარზე შემოსვლა გადაწყვიტა, ეს მისი არჩევანია და მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. მთავარია კარგად ჰქონდეთ დათვლილი და ფინანსურად განსაზღვრული დარგის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, თუმცა ვფიქრობ, „საქართველოს კაპიტალს“ ეს არ გაუჭირდებოდა. აღვიქვამ როგორც ცივილიზებულ მოთამაშედ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავად სფეროსთვის. რაც უფრო მეტი და ძლიერი, ხარისხიანი კომპანია იქნება ღვინის ინდუსტრიაში, ეს ზოგადად დარგისთვის ძალიან კარგი მგონია“.
რაც შეეხება ღვინის ექსპორტის ბაზარს, ზურაბ მარგველაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებას:
„აქ თუ საუბარია იმაზე, რომ ყურძენი უფრო მეტი ღირს ვიდრე ღვინო, ეს აუცილებლად დასადგენია. ზოგადად მსმენია ამ საკითხის შესახებ და ვფიქრობ, საქართველოდან როგორც ღვინის ქვეყანიდან, უნდა გადიოდეს შესაბამისი ხარისხის პროდუქცია. ძვირიანი იქნება ღვინო თუ შედარებით იაფიანი, ხარისხი მაინც უნდა ჰქონდეს და მერე ფასები თავისით დარეგულირდება. ხარისხიან ღვინოს იაფად ფიზიკურად ვერ აწარმოებ“.
„კომერსანტი“ ასევე დაინტერესდა „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შეძენილი კომპანიები რა წილს ფლობენ ბაზარზე და როგორც გავარკვიეთ, ციფრები საკმაოდ მიზერულია. „თელიანი ველის“ კომერციული დირექტორის ირაკლი ბოკუჩავას თქმით, მათ მიერ შეძენილი კომპანიებიდან ადგილობრივ ბაზარზე, ფაქტობრივად, არც ერთი ყოფილა წარმოდგენილი. მათ შორის მნიშვნელოვანი გაყიდვები არც ექსპორტის კუთხით ჰქონიათ:
„ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ იყვნენ წარმოდგენილები არც „ალავერდი“ და არც „ქინძმარაულის მარანი“. რაც შეეხება ექსპორტს, უცხოეთში გაჰქონდათ, ჯამში ალბათ 2 მლნ. ბოთლი წელიწადში და ისიც მხოლოდ რუსეთის ბაზარზე. ამის მიუხედავად მაინც მნიშვნელოვანი შენაძენია და ხელს შეუწყობს ჩვენი კომპანიის გამსხვილებას. ზოგადად, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა გაყიდვების მიხევდით ვფიქრობთ ჩვენი „თელიანი ველი“ ნამდვილად ლიდერია“ .
შეგახსენებთ, საინვესტიციო ჰოლდინგმა „საქართველოს კაპიტალმა“ კომპანია „ალავერდის“ 100%-იანი წილის შეძენაზე ორი დღის წინ განაცხადა. გარიგების ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია, საიდანაც 200 000 -ს კომპანიის მფლობელი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ 2019 წლის მოსავალი 1500 ტონაზე მეტი იქნება.კომპანია კახეთში, 244 ჰექტარ ვენახებს ფლობს, ყურძნის დიდი ნაწილისგან ღვინო „საფერავი“ მზადდება. ასევე მის მფლობელობაშია დამატებით 135 ჰა მიწა, რაზეც ვენახები გაშენდება.
მანამდე, დაახლოებით ერთი წლით ადრე, საქართველოს კაპიტალის (Georgia Capital) პორტფელში შემავალმა კომპანია „თელიანმაველმა“ „ქინძმარაულის მარანის“ 100- პროცენტიანი წილი შეიძინა. ცნობილია, რომ ინვესტიცია 8 მილიონ დოლარს აღემატება. თავის დროზე, კომპანიას 350 ჰექტრამდე ფართობზე ჰქონდა გაშენებული ვენახები – ძირითადად, საფერავის ჯიშის ვაზი, ასევე რქაწითელი, ქისიდა ა.შ. შენაძენის შემდეგ კი „თელიანი ველის“ ჯგუფის ვენახების მთლიანი ფართობი 450 ჰექტრამდე გაიზარდა.
Commersant.ge