ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways თბილისიდან მახაჩყალის მიმართულებით ფრენებს იწყებს
16 ნოემბერი, 2023

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან მახაჩყალის მიმართულებით ფრენებს იწყებს. შესაბამისი ინფორმაცია მახაჩყალის აეროპორტის განრიგშია ასახული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია ახალი მიმართულებით 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე, ანუ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე იფრენს. ავიარეისები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

მახაჩყალის მიმართულებით რეისების შესრულებაზე ინფორმაცია ჯერ Geogian Airways-ის გვერდზე წარმოდგენილი არ არის.

რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანია ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით, თბილისიდან კი პეტერბურგისა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენების დაწყებას განიხილავდა.

BM.GE-მ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ მახაჩყალის და რუსეთში პეტერბურგისა და მოსკოვის მიმართულებით ფრენების შესახებ ნებართვების გაცემის შესახებ კითხვით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა. ინფორმაციის მიღებას ავიაკომპანიისგანაც შევეცდებით. მხარეთა პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საქართველო-რუსეთს შორის რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად, რომელმაც რუსეთში, საწყის ეტაპზე კი მოსკოვში პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა და დღეს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებს ასრულებს.

წყარო: bm.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.