სტიმული ტურიზმს - Georgian Travel Guide ახალი წამოწყება რომლის დახმარებითაც ბევრი საინტერესო ადგილს აღმოაჩენთ
ქართული ტურისტული პლატფორმა Georgian Travel Guide.com შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით სახალისო და შემეცნებით გათამაშებას მართავს, სადაც ნებისმიერ მოგზაურს აქვს შესაძლებლობა, რომ გაერთოს და მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები მოიგოს.
როგორც „ კომერსანტთან“ საუბრისას Georgian Travel Guide –ის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მერაბიშვილმა აღნიშნა, თამაშის მიზანი ქართველებისთვის საქართველოში მოგზაურობის დაწყებისთვის სტიმულის მიცემა და ქვეყანაში არსებული ღირსშესანიშნაობებით დაინტერესებაა.
„გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდპანდემიის გამო ქვეყანა ჩაკეტილია, გვინდოდა, რომ ქართველებისთვის მიგვეცა სტიმული და გვეჩვენებინა, რომ საქართველოში ბევრი საინტერესო ადგილია, მოვიფიქრეთ თამაში რომელის ფარგლებში ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ჩაერთვებიან. ეს არის ტესტის მაგვარი თამაში, სადაც გამოჩნდება სურათი და ადამიანებმა უნდა გამოიცნონ თუ რა ადგილია ასახული ამ სურათზე. სწორად გამოცნობის შემთხვევაში მას ენიჭება ქულა, რის შემდეგაც დგება რეიტინგი და ვლინდება გამარჯვებული“, - აღნიშნა დავით მერაბიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული გათამაშებისთვის Georgian Travel Guide- ს მოგზაურობის თემატიკასთან დაკავშირებული კომპანიები აფინანსებენ. Georgian Travel Guide ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ემსახურება ტურისტებს და მასპინძლებს და მათი მიზანია ერთის მხრივ მოგზაურებისთვის საჭირო ინფორმაციის შეთავაზება და მეორე მხრივ ტურისტული ბიზნესებისთვის მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა.
„დღესდღეობით ჩვენ პლატფორმაზე 1600-ზე მეტი ისეთი ობიექტია განთავსებული, რომელიც შეიძლება ადგილობრივი ან საერთაშორისო ტურისტის ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს. გარდა ამისა ჩვენი პლატფორმა მასპინძლებს სთავაზობს მომსახურეობას, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ მოგზაურებს ჩვენი მეშვეობით თავიანთი პროდუქტის თუ მომსახურეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ და გაყიდონ ისე, როგორც ეს სხვა ცნობილი და საერთაშორისო პლატფორმების შემთხვევაში ხდება“, - აღნიშნა დავით მერაბიშვილმა.
რაც შეეხება ადგილობრივების შიდა ტურიზმით დაინტერესებას, დავით მერაბიშვილი თქმით ბოლო პერიოდში შიდა ტურიზმით დაინტერესება საგრძნობლად არის გაზრდილი თუ წინა წელს 90% უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, პანდემიიდან გამომდინარე ეს მაჩვენებელი საპირისპიროდ არის შეცვლილი.
commersant.ge