|
როგორ შეცვალა სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის პოტენციალი გიორგი ნათენაძემ
24 დეკემბერი, 2020
ბიზნესის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია ადამიანმა განვლოს გზა, რომელიც მუდმივი განვითარებისა და წინსვლისკენ იქნება მიმართული, გზა, რომელიც ფოკუსირებული იქნება პროდუქტიულობასა და დროში პროცესების სწორად დაგეგმვაზე. შედეგზე ორიენტირებული საქმის კეთება არის ის, რაც არსებითად განსაზღვრავს ბიზნესის რაობასა და მნიშვნელობას რეალურ დროსა და სამყაროში.
გიორგი ნათენაძე ერთ-ერთია, რომელმაც შეძლო შედეგზე ორიენტირებული საქმის კეთება და იმ მიზნებისა და მიღწევების რეალობაში გადმოტანა, რომელზეც დგას დღეს ტურიზმი. რომ არა ის თვისებები, რომლის მატარებელიცაა გიორგი, მოტივაცია და საქმის სიყვარული ვერ მიიღებდა რეზულტატს, რომელიც მისთვის წარმატების გარანტად იქცა.
-
,,ყველაზე მთავარი თვისება ალბათ არის ის, რომ ვარ თვითდაჯერებული, ვარ ოპტიმისტი და აუცილებლად ყველაფერს ვგეგმავ, შესაბამისად უფრო მიადვილდება, მუდმივად რეჟიმში ვიყო, არ ჩამოვრჩე მოვლენებს. ასევე ვარ მულტიფუნქციურიც, ვახერხებ ვიყო ბუღალტერი, ფინანსისტიც, მენეჯერიც, შემიძლია ყველაფერი შევითავსო. ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ ძალიან ბევრი დაბრკოლება მქონია, მაგრამ ოპტიმისტად დავრჩენილვარ. მჯერა რომ ყველა დაბრკოლების გადალახვა შეიძლება, ყველა სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს.“
რა არის წარმატება, თუ არა იმ საქმის საუკეთესოდ კეთება, რომელიც გიყვარს და გამოგდის. წარმატების მიღწევის პროცესში ადამიანი მოგზაურობს და საბოლოოდ მიდის დანიშნულების ადგილას - აღწევს სასურველ შედეგს. წარმატება ინდივიდუალურია და ის აღიქმება პიროვნების პრიორიტეტებისა და ღირებულებების გათვალისწინებით.
-
,,წარმატება პირველ რიგში, უნდა იყოს შენთვის, და არა ის, რომ სხვა ხედავდეს შენს წარმატებას. როცა შენი ჩანაფიქრის რეალიზებას მოახდენ, აი ის არის წარმატება. წარმატებას სხვები შეგიფასებენ და მოგიწონებენ და კარგი გამოხმაურბა ექნება ამ ყველაფერს. ეს, რა თქმა უნდა, სტიმულს გაძლევს, მაგრამ პირველ რიგში წარმატება შენ თავში და შენ თავთან უნდა მოიპოვო, ბრძოლაში და შენი ჩაფიქრებული მიზნების ასრულებაში. მე მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, მსიამოვნებს ამ საქმის კეთება და ვიღებ შედეგს. ეს არის ჩემთვის წარმატება. “
მესხური ღვინო და ტრადიციები - ეს არის გიორგისთვის წარმატების მამოძრავებელი ძალა. ძალა, რომლითაც იმუხტება ტურისტული პოტენციალი საქართველოში. მესხური ღვინო მნიშვნელობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თუ გავითავლისწინებთ იმას, რომ მესხურ ღვინოს უკავშირდება ზოგადად ქართული მეღვინეობა.
-
,,საერთოდ ნულიდან დავიწყეთ. აბსოლიტურად არ არსებობდა მესხური ღვინო და ჯიშები . გავაცანით როგორც საქართველოს, ასევე გავიტანეთ მსოფლიო ბაზარზე და ძალიან დიდი აღიარება მოვიპოვეთ. მესხურ ღვინოს ძალიან შორი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ ადგილი დაიმკვიდროს. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, მათ სურვილი აქვთ მესხური ვაზის გაზრდის და ღვინის დაყენების, შესაბამისად ვეხმარები, ვაძლევ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოუარონ, გაზარდონ, რომელი ჯიშები რომელ რეგიონში, რომელ სოფელში და სად ჯობია რომ გაახარონ და ა.შ.“
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი არის იმ ზღვა პოტენციალის მატარებელი, რომელიც წინაპირობაა ქვეყანაში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებისა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მესხური გასტრონომია - ავთენტური ელემენტებითა და უნიკალური ისტორიით.
-
,,ვფიქრობ, რომ ქვეყნის ან რეგიონის კულტურის გასაცნობად პირველრიგში, მისი გასტრონომია უნდა გავიცნოთ, ძალიან საინტერესოა რა კერძები, ღვინო, ყველი იწარმოება ამ რეგიონში. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ყველის, ღვინისა და პურის კულტურა სამცხე-ჯავახეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ყველაფერი აქვს და მისი არსებობა ათასწლეულებს ითვლის. აი მაგალითად, მესხური ჯიშები, მათ შორის ენდემური ჯიშები, რომელსაც მეც ვიყენებ, ამის კარგი მაგალითია. ჩემი მთავარი მიზანია მესხური ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი აღვადგინო და გადმოვიტანო რეგიონში, შესაბამისად ტურისტი რომ ჩამოდის ჩემს რეგიონში, ვცდილობ, რეგიონის შესაბამისი სერვისი განვავითარო, შევკრიბო და მივაწოდო ყველაფერი, რაც მესხურ გასტრონომიასთანაა დაკავშირებული.
გიორგიმ აღნიშნა, რომ ამ რეგიონსა და ქვეყანაში გასტონომიული ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ბევრს მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაცია. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს გვესმის სიტყვა მესხური კერძები. მან თანამოაზრეებთან ერთად უზრუნველყო კულინარიაზე წიგნების გამოცემა, რეცეპტების აღდგენა და მისი დასურათება. ასევე, უმნიშვნელოვანესია - მესხური ღვინის ტერასების აღდგენის საკითხი, რომელიც გიორგის, ასევე მოტივირებული მამისა და მისი თანაგუნდელების კიდევ ერთი დამსახურებაა.
-
,,მესხური ვაზის ტერასები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. სკოლის დამთავრებისთანავე მამაჩემმა დამაახლოვა ამ საქმიანობასთან. თვითონ მატარებდა სოფლებში, რომ მოგვეძიებინა მესხური ვაზი, ბევრს მიყვებოდა მესხური ღვინის ტრადიციების შესახებ, მე კი ნელ-ნელა შემიყვარდა ეს დარგი და მიმართულება, შემდგომ, ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა და ახლა ეს ჩემი თანმდევია, ჩემი ცხოვრების ყველა დეტალს ვუკავშირებ ვაზს და ვაზის კულტურას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხე აღმედგინა ვაზის 24 მესხური ჯიში, ამ პროცესს დღესაც ვაგრძელებ. მესხურ ტერასებს რაც შეეხება, ეს იყო ტიტანური შრომა, 140 ადამიანი იყო ჩართული 24 საათიან რეჟიმში. ძირძველ ადგილზე, სადაც ისტორიულად ეს ტერასები არსებობდა, აღვადგინეთ 16 კილომეტრიანი მონაკვეთი. კარგია რომ ძლიერი პარტნორები გვყავს, ძალიან ძვირიანი პროექტია.“
ნებისმიერ საქმესა თუ მოქმედებას თან სდევს შესაბამისი წარმატებები. გიორგისა და მისი თანაგუნდელების დახმარებით მესხური ღვინო მოხვდა ,,ფორბსის“ 2020 წლის საუკეთესო ღვინოებს შორის.
-
,,2009 წელს მოხერხდა და პირველი ღვინო ჩამოვასხით ჩვენს ოჯახში, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვქონდა ამის საშუალება, რადგან არ გვქონდა შესაბამისი აღჭურვილობა. დიდი ვაივაგლახით ჩამოვასხით 920 ბოთლი. რაოდენობას თანდათან მოვუმატეთ, წარმოება 1500 ბოთლზეხ ვერ ადიოდა ხოლმე იმიტომ, რომ რეგიონში ეს ჯიშები იყო მივიწყებული, დაკარგული და საკმარისი რაოდენობის ყურძენი არ მოიპოვებოდა. ძალიან მცირე ოდენობის დაგროვების შემდეგ - საექსპერიმენტო ღვინოებს ვაკეთებდი - სხვადასხვა ჯიშებიდან, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი ცდის ჩატარება მიწევდა. მაგრამ ეს ამად ღირდა, რადგან შედეგი თვალსაჩინოა. ფორბსის აღაირებაც ამან მოიტანა. ამას ემატები ის, რომ მუდმივად დავდივარ საერთაშირისო პროფილურ გამოფენებზე, ვაცნობ საექსპერიმენტო მესხურ ღვინის სახეობებს ამ საქმის პროფესიონალებს, ეს უკვე წლებია გრძელდება, შესაბამისად ბევრი, დიდი ავტორიტეტის მქონე, პროფესიონალი გაეცნო ჩვენს ღვინოს საზღვარგარეთ, ამიტომაც გაიზარდა მისი ცნობადობა.“
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ შეაფერხა ქმედებების პროცესი, გიორგი მაინც აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე მესხური ღვინის პოპულარიზაციას.
-
,,რა თქმა უნდა პანდემიამ შემიშალა ხელი, ტურისტები არ მოდიოდნენ და რესტორნის მუშაობაც იყო მხოლოდ 5% ,გასულ წელთან შედარებით. ავირჩიე ასეთი სტრატეგია - რადგან ჩაიშალა საერთაშორისო გამოფენები, ღვინოებს ვგზავნიდი ფოსტით სხვადასხვა ქვეყანაში. უცხოელი იმპორტიორები და პოტენციური პარტნიორები ამ გზით აგემოვნებდნენ ჩემს ღვინოებს და ასე ხდებოდა ინფორმაციის მიმოცვლა. ძალიან ბევრი ონლაინ ჩართვა მქონდა. ამ პანდემიის პერიოდმა მომცა საშუალება, ჩემი, შარშან დაწყებული მარნის მშენებლობა, დამესრულებინა. საბოლოოდ იქნება ძალიან საინტერესო თანამედროვე ისტორიასთან შერწყმული მარანი. დამატებით კი მარნის მეორე-მესამე სართულზე აშენდება სასტუმრო. ერთი კვირაა, რაც დავიწყეთ სასტუმროს მშენებლობა, დიდი იმედი მაქვს, მომავალ წლის მაისში უკვე სასტუმროს გავხსნი. აუცილებლად გვეყოლება ტურისტები და საქართველო დაიწყებს ფეხზე დადგომას ისევე, როგორც სხვა ქვეყნები. მჯერა, ტურიზმი მალე აღდგება!“
სვლის არ შეწყვეტას და ქმედების გაგრძელებას ყველაზე მეტად მაშინ აქვს აზრი, როცა ბარიერები გვიქმნის მისი ვერ გადალახვის ილუზიას.
-
,,ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეცვალონ სტრატეგია. მაგალითად, სასტუმრომ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა რესურსი და დასახოს ახალი სტრატეგია, რომ მიიზიდოს ტურისტი. ახალი გზებისა და აქტივობების შეთავაზება არის ღირებული, რომელიც პანდემიის პერიოდში ბევრისთვის იქნებოდა საშუალება გადარჩენისა. მაგალითად, მიტანის სერვისი, ონლაინ პაკეტები და ა.შ. ვფიქრობ, ტურიზმი აუცილებლად დაუბრუნდება ძველ ნიშნულს 2021 წლილდან. თუმცა მანამდე, ცალსახად მნიშვნელოვანია ყველა სექტორის მაქსიმალურად მობილიზება და ალტერნატიული ქმედებების განხორციელება.“
ავტორი: ლიზა ანთაძე
ფოტო: chezmatze.de
წყარო: tourister.ge
|