ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ 5 ნოემბერს დასრულდა, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის რანგში წარსდგა. ამ ღონისძიებით კონკრეტულად რა შედეგები მივიღეთ? და ქვეყანამ რამდენად წარმატებულად გაართვა მას თავი? - აღნიშნულ საკითხებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“, „ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა“ გიორგი სამანიშვილმა ისაუბრა.
როგორც სამანიშვილმა აღნიშნა, ბორდოში ჩატარებული გამოფენა ქვეყანას დიდი წარმატებას მოუტანს.
„ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანა იყო. ეს წარმატება იმ თანმიმდევრული მუშაობის შედეგი იყო, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო.
გამოფენა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და შედეგები მოლოდინზე უკეთესი იქნება. ბორდოში ქართული ღვინის კულტურას ძალიან ბევრი ადამიანი გაეცნო. დასავლეთის ბაზრებზე ეს წარმატება დადებითად აისახება“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.
გიორგი სამანიშვილის აზრით, „ აღნიშნული ღონისძიება კერძო სექტორის გამოფენა არ ყოფილა და ეს ზოგადად საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვანის წარმოჩენა იყო. მისასალმებელი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართულ ღვინოზე ცნობადობა იზრდება.“
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ საზეიმოდ დაიხურა. გამოფენა სამი თვის (მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიხსნა და 5 ნოემბრამდე გაგრძელდა) განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველო პირველი მიწვეული და ამასთანავე, მასპინძელი ქვეყანა იყო.
როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, გამოფენის მთავარი მოლოდინი ის იყო, რომ მსოფლიოსთვის ქართული კულტურის, ღვინის და ქვეყნის პოტენციალი კარგად გაეცნოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, აღნიშნული გამოფენის მასპინძლობა დასტურია იმის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო.
სამი თვის განმავლობაში ექსპოზიციას 80 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.
14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრიც დაიდგა იმის აღსანიშნავად, რომ „იუნესკომ“ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება - დეგუსტაციები, სამეცნიერო კონფერენციები და პროფესიონალური შეხვედრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან.
ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.
„კომერსანტი“