Gistola - მესტიაში $5-მილიონიანი ინვესტიციით სასტუმრო კომპლექსი მაისში ამოქმედდება
მესტიაში, 6 მაისიდან პრემიუმ კლასის სასტუმრო კომპლექსი Gistola ამოქმედდება.
შპს „გისტოლამ“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანია, სასტუმროს მშენებლობასა და ამოქმედებისთვის 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო.
როგორც BM.GE-სთან სასტუმროს მმართველი მაია მურაჩაშვილი აღნიშნავს, 6 მაისიდან სასტუმრო სატესტო რეჟიმში ამოქმედდება, ხოლო მაისის ბოლოდან ოპერირებას სრულად დაიწყებს.
„პრემიუმ კლასის სასტუმრო 45-ნომრიანია. გვაქვს რესტორანი, ლაუნჯი, ღამის გასართობი კლუბი, რომელიც მესტიაში პირველი იქნება. კლუბში მოწვეულნი იქნებიან DJ-ები. გვაქვს საკონფერენციო სივრცე, რომელსაც დღევანდელი რეგულაციებით 80 ადამიანის მიღება შეუძლია. ასევე გვაქვს ბავშვთა გასართობი კუთხე ეზოში, იმოქმედებს ბავშვთა გასართობი ცენტრი და გაიმართება სადღესასწაულო ღონისძიებები. სასტუმროში ჩამოსულ დამსვენებელს სკუტერებითა და ოთხმავლებით შეეძლებათ გასეირნება", - ამბობს მაია მურაჩაშვილი და აღნიშნავს, რომ სასტუმროში ამოქმედების შემდეგ 40-45 ადამიანი დასაქმდება, რომლის დიდი ნაწილი ადგილობრივები არიან.
მენეჯმენტში გარკვეული მოლოდინები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებითაც აქვთ.
„ჩვენთან დასვენების გარკვეულ ინტერესი ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან უკვე წამოვიდა და მათ ჩამოსვლას ივნისიდან ველით, თუმცა ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა სასტუმროს მმართველმა.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა ინვესტორმა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, თუმცა გარკვეული სირთულეების გამო შეჩერებული მშენებლობა 2018 წელს განახლდა. მისი გახსნა 2019 წელს იგეგმებოდა, თუმცა მაია მურაჩაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასტუმროს გახსნა პანდემიის გამო გადაიდო.
bm.ge