ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე 650 000 ლარი დაიხარჯება
15 ოქტომბერი, 2018

გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე გამავალი ხევძმარას კოლექტორისა და საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას თბილისის მერია ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 650 000 ლარია. რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

გობრონიძის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა ჩავარდა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მონაკვეთზე სამუშაოების შესრულება დაიწყო. ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ცენტრალური კოლექტორი იყო დაზიანებული, ბეტონის სახურავი - ჩანგრეული, გზის სავალი ნაწილიც ჩაინგრა. საგზაო მონაკვეთი, რომლითაც, როგორც მუხიანში, ასევე გლდანში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ, 15 სექტემბერს ჩაიკეტა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს საფრთხე არ შეექმნას, შესაბამისი სამუშაოები საფუძვლიანად ჩატარდება.

„გვირაბში შესვლისა და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს პრობლემური ადგილები და ხდება ძირის გამორეცხვა. იმისთვის, რომ სამომავლოდ, ნებისმიერი საფრთხე ავიცილოთ თავიდან, გზის ეს მონაკვეთი აუცილებლად მოსაწესრიგებელი იქნება. ზოგადად, გაუგებარია, როგორ ხდებოდა ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობებზე ნებართვების გაცემა. შეიძლება ითქვას, ყველა შენობა პირდაპირ სანიაღვრე არხზეა დაშენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანიაღვრე არხი და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსაფრთხო იყოს. საჭირო სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.