ღლონტი: ჩვენი მიზანია მაღალმთიანი აჭარა 4-ვე სეზონზე მიმზიდველ მიმართულებად იქცეს
კურორტ გოდერძიზე „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში წელს კურორტ გოდერძიზე ტურისტული ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა. ენის კურსებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ის ძირითადი, საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა მთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანია მაღალმთიანი აჭარა იქცეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველ მიმართულებად.
„ამისთვის ყველა საჭირო წინაპირობა არსებობს. ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მაღალმთიანი აჭარისთვის. ტურისტებთან კომუნიკაციის გაადვილების და სერვისების ამაღლების მიზნით 2017 წლის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეების გადამზადება აჭარაში. ჩავატარეთ ერთთვიანი სატრენინგო კურსი ინგლისურ ენაში და მოვამზადეთ სპეციალური ვიდეო გაკვეთილები, რომელიც დაეხმარება საოჯახო-სასტუმრო სახლის მეპატრონეებს საკომუნიკაცია ენის შესწავლაში. განსაკუთრებულად მოტივირებულია ახალგაზრდობა. კურორტ გოდერძიზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, აქტიურად ხორციელდება სერვისების განვითარება, რაც ტურიზმის სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია”- განაცხადა სულხან ღლონტმა.
ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი წელს პირველად დაიწყო, მისი გაგრძელება სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპლიტეტებშიც იგეგმება. 2017-2018 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის, „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში, აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადამზადდა.
www.travelingeorgia.ge