ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გოდერძი, ბაკურიანი, გუდაური, სვანეთი – როგორ ხვდებიან ზამთრის კურორტები სეზონს
20 დეკემბერი, 2017
ზამთრის კურორებზე წელს ტურისტების დიდ ნაკადს ელიან. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ამბობს, რომ წინასწარი ჯავშნები მოწმობს, რომ წლევანდელი წელი ალბათ, რეკორდული იქნება.
 
მისი თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზამთრის კურორტების 4 სეზონიან კურორტებად გადაქცევის
ხელშეწყობა. წელს ზამთრის სეზონის გახსნა 10 დეკემბერს, გოდერძის კურორტიდან დაიწყო.
 
საკურორტო სეზონი გაიხსნა გუდაურშიც.
 
რა სიახლეები იგეგმება 2017 2018 წლების სეზონისთვის, რამდენად მომზადებული ხვდება ზამთრის საკურორტო სეზონს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და კერძო სექტორი?
 
გოდერძის კურორტი
 
კურორტის ოფიციალურ გახსნაზე აღინიშნა, რომ კურორტ გოდერძიზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების ფარგლებში მისი განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ სამთო-სათხილამურო კურორტზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს.
 
ახალი პროექტებით კოროტზე 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება.
 
გახსნის ცერემონიალზე ასევე ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს 4 ახალი საინვესტიციო პროექტების
დაწყების თაობაზე, რომლებიც აჭარის ავტომონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოთხ კომპანიასთან გააფორმა.
 
2017 – 2018 წლების ზამთრის სეზონზე კურორტ გოდერძიზე ტურისტებისთვის იმუშავებს ორი დიდი საბაგირო (გონდოლას და ბაბლის ტიპის). აგრეთვე ახალ სეზონზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას შემოემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, ასევე მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.
 
კურორტ გოდერძიზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი 2366 მეტრი.
 
კურორტის განვითარების ფარგლებში 1761 მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო ნაკვეთებთან აკავშირებს.
 
ბაკურიანი
 
ბორჯომის მერის წარმომადგენელი ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩაგობრონიძე აცხადებს, რომ ბაკურიანი განახლებულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითშეხვდა.
 
მისი ინფორმაციით, ბაკურიანში სულ 14 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა, მათგან კი ოთხი ტროტუარებით მოეწყო. სამომავლოდ, კიდევ კიდევ 10 ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
 
გობრონიძის განცხადებით, აშენდა ახალი სკვერი და მოეწყო ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია. „ვცდილობთ, რომ პროექტების განხორციელება სწრაფ ტემპებში მოხდეს.
 
ბაკურიანს აღარ აქვს წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემები“,– განაცხადა გოჩა გობრონიძემ.
 
ბაკურიანში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მართალია, კურორტი ითარდება, თუმცა ამისთვის გაცილებით სწრაფი ტემპებია საჭირო.
 
4house Bakuriani-ს მენეჯერის ნათია ლეჟავას განცხადებით, ბაკურიანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ლეჟავას თქმით, ბაკურიანის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებითაა საჭირო.
 
გუდაური
 
გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა. სასტუმროების წარმომადგენლები საუბრისას აცხადებენ, რომ ახალი წლისთვის მათთან ადგილები თითქმის 100%-ით უკვე დაჯავშნილია.
 
მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, კურორტი ამ სეზონსაც პრობლემებით შეხვდა. სასტუმრო „მარკო პოლოს“ გაყიდვების დირექტორი ირაკლი მამფორია „კომერსანტთან“ საუბრისას
აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები კურორტზე ისევარსებობს. „განსაკუთრებით პრობლემებია წყალთან დაკავშირებით. უწყლობა კი კურორტზე ბიზნესის განვითარებისთვის სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორია.
 
გუდაური ვითარდება, თუმცა ამ მიმართულებით მეტის
გაკეთებაა საჭირო“, – განმარტა ირაკლი მამფორიამ. მისივე თქმით, სასტუმრო „მარკო პოლოში“ ახალი წლისთვის ნომრების 100%-ი დაჯავშნილია.
 
სვანეთი
 
სვანეთი ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება. 23 დეკემბერს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა ექსლუატაციაში შევა და დამსვენებლებს უკვე მცირე დროში შეეძლებათ სათხილამურო ტრასაზე მოხვედრა.
 
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მესტია ტურისტული სეზონისთვის მზად არის, ტურისტების მისაღებად მზად არიან სასტუმროებიც, თუმცა რამდენად შეძლებენ ისინი დამსვენებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ეს უკვე სხვა საკითხია, რადგანაც, პრობლემები, რომელიც სვანეთში არსებობს, იმაზე მწვავეა, ვიდრე სხვა სამთო კურორტებზე.
 
სასტუმროების წარმომადგენლების განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში წყლის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. კერძო სექტორი ყველაზე მწვავე პრობლემად სამედიცინო მომსახურებას ასახელებს. მათი ინფორმაციით, სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ის ზუგდიდში, ან თბილისში გადაჰყავთ.
 
საოჯახო სასტუმრო „უშბა“-ს მფლობელი თეა ჟორჟოლიანის განცხადებით, რეგიონში საკმაოდ მწვავედ დგას „ელექტროენერგიის პრობლემა. ხარვეზებია სამედიცნო მომსახურების ნაწილშიც.
 
„საავადმყოფოში ტრავმატოლოგი და სხვადასხვა სპეციალისტი არ არის, თუმცა როგორც ამბობენ, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ასევე საავადმყოფო შესაბამისად აღჭურვილი არ არის. პირველადი დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია, თუმცა სერიოზული პრობლემის შემთხვევაში პაციენტი სხვაგან გადაჰყავთ“, – აცხადებს თეა ჟორჟოლიანი.
 
„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.
 
„გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კანადურ კომპანიას გავაკეთებინეთ, რომელსაც 1000 -ზე მეტი კურორტი აქვს დაპროექტებული. ამ ეტაპზე გეგმა ეკონომიკის სამინისტროშია, მიგვაჩნია, რომ გუდაურში მაღალი სასტუმროების მშენებლობა არ უნდა მოხდეს. მიტარბის შემთხვევაში ველოდებით განაშენიანების გეგმას, რომ შემდეგ კურორტის აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს. მიტარბის აქვს პოტენციალი, რომ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი გახდეს. გოდერძის უკვე აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა და კურორტი ამის მიხედვით ვითარდება,“ — აცხადებს ონოფრიშვილი.
 
მისივე თქმით, ბაკურიანს არ ჰქონდა კარგი მდგომარეობა მშენებლობის თვალსაზრისით, ხდებოდა ქაოტური განაშენიანება, თუმცა ამას წერტილი დაესვა. სანდრო ონოფრიშვილის ინფორმაციით, თებერვალში დასრულდება სვანეთის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა, დაიდება პროექტი იმისათვის, რომ თეთნულდი უფრო მიმზიდველი გახდეს მსოფლიოსთვის.
 
„მულახის თემში 11 სოფელია. ის უნიკალურია და არ შეიძლება ეკონომიკა და ბიზნესი სწრაფი ტემპებით ჩაერიოს და მოხდეს სოფლების დამახინჯება. ფაქიზი მიდგომაა საჭირო, ამიტომ ველოდებით გეგმას“, — აცხადებს ონოფრიშვილი.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.